საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველი დებატები გაიმართა. ექსპერტების შეფასებით, ბევრად ცივილური აღმოჩნდა მინესოტის შტატის დემოკრატი გუბერნატორის ტიმ უოლცისა და ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი სენატორის ჯეიდი ვენსს შორის დისკუსია, მათ პირველ ნომრებს შორის გამართულ დებატებთან შედარებით.
ტელეკომპანია CBS-ის საღამოს ახალი ამბების გამოშვებაში გამართული დისკუსიის შემდეგ კანდიდატებმა აღნიშნეს ისიც, რომ ბევრ საკითხში ერთმანეთის პოზიციებს იზიარებენ. თუმცა, იყო უთანხმოებაც.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ საუბრისას კანდიდატებმა ერთმანეთს დაპირისპირების ესკალაციაში წვლილის შეტანაში დასდეს ბრალი.
„ირანს კამალა ჰარისის ადმინისტრაციის წყალობით 100 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული გამოთავისუფლებული გაყინული აქტივების სახით. რაში ხარჯავენ ამ ფულს? ხარჯავენ იარაღზე, რომელსაც ახლა ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ იყენებენ. ღმერთმა არ ქნას, პოტენციურად აშშ-ის წინააღმდეგაც… ისრაელის გადასაწყვეტია, თუ რას გააკეთებს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოკავშირეებს ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა, „რესპუბლიკური პარტიის” ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა.
„დონალდ ტრამპი იყო, ვინც ირანის ბირთვული პროგრამა ალტერნატივის წარმოდგენის გარეშე გააუქმა. დონალდ ტრამპის მერყევი ხელმძღვანელობის გამო ირანი ახლა უფრო ახლოს არის ბირთვულ იარაღთან, ვიდრე ოდესმე. როდესაც ირანმა ამერიკული თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო, დონალდ ტრამპმა ტვიტი დაწერა. რადგან ეს არის დონალდ ტრამპის სტანდარტული დიპლომატია. როდესაც ირანული რაკეტები აშშ-ს ჯარებთან დაეცა და მათ ტვინის ტრავმული დაზიანებები მიიღეს, დონალდ ტრამპმა ეს უბრალო თავის ტკივილად დაახასიათა. ჩვენს მოკავშირეებს ესმით, რომ დონალდ ტრამპი მერყევია“, – განაცხადა ტიმ უოლცმა, „დემოკრატიული პარტიის” ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა.
ვიცეპრეზიდენტების კანდიდატები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების რაოდენობა პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ორივე ლიდერის მიმართვაში პასუხისმგებლობა მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა.
,,ვიდრე დეპორტაციაზე ვისაუბრებთ, უპირველეს ყოვლისა უნდა შევაჩეროთ სისხლის ღვრა. ჩვენ გვაქვს იმიგრაციის ისტორიული კრიზისი, რადგან კამალა ჰარისმა გადაწყვიტა დონალდ ტრამპის სასაზღვრო პოლიტიკა სრულად გაეუქმებინა. 94 ბრძანება გამოიცა დეპორტაციის პოლიტიკის შესამსუბუქებლად, უკანონოდ შემოსული ადამიანების დეკრიმინალიზაციისთვის თავშესაფრის მაძიებელთა სასარგებლოდ. ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით ფენტანილის შემოტანა განაპირობა“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა, „რესპუბლიკური პარტიის” ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა.
„კამალა ჰარისი უდიდესი სასაზღვრო შტატის კალიფორნიის გენერალური პროკურორი იყო. ის ერთადერთია ამ რბოლაში, ვინც სდევნიდა ტრანსნაციონალურ დაჯგუფებებს ადამიანების ტრეფიკინგისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო. ჩვენ გვქონდა ყველაზე მკაცრი და სამართლიანი კანონპროექტი იმიგრაციის შესახებ. ის ოკლაჰომას კონსერვატორმა სენატორმა შეიმუშავა. მაგრამ როგორც კი მისი მიღება გადავწყვიტეთ, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა. რესპუბლიკელებს უთხრა, რომ ამ კანონპროექტისთვის არ მიეცათ ხმა, რადგან ეს მისი კამპანიისთვის პრობლემებს შექმნიდა”, – განაცხადა ტიმ უოლცმა, „დემოკრატიული პარტიის” ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.
საპრეზიდენტო კანდიდატების დებატების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი აბორტის უფლება გახდა. ისევე როგორც კამალა ჰარისმა, ტიმ უოლცმაც აბორტზე დაწესებულ შეზღუდვებს ,,ტრამპის აკრძალვა“ უწოდა. ჯეიდი ვენსმა კი განაცხადა, რომ აბორტის საკონსტიტუციო უფლების გაუქმება, დიდი და მრავალფეროვანი ქვეყნისთვის ყველაზე საღი ნაბიჯია.
„დონალდ ტრამპა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა აბორტის პოლიტიკაზე. ეს დიდი და მრავალფეროვანი ქვეყანაა. კალიფორნიაში ჯორჯიისგან განსხვავებული განწყობებია. ჯორჯიას კი განსხვავებული შეხედულებები აქვს ამ საკითხზე, ვიდრე არიზონას. რაც არ უნდა არეული იყოს ზოგჯერ დემოკრატია, ანუ ამომრჩევლების უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, ნება მიეცით ცალკეულ შტატებს, თავად შეიმუშაონ საკუთარი პოლიტიკა აბორტის შესახებ. ეს არის ყველაზე საღი გადაწყვეტილება ძალიან დიდი, ძალიან მრავალფეროვანი და ზოგჯერ ძალიან დაყოფილი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა, „რესპუბლიკური პარტიის” ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა.
„ამბობენ, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ, რა ჯობს მათთვის… რომ რაც მუშაობს ტეხასისთვის, შესაძლოა, არ მუშაობდეს ვაშინგტონისთვის, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ ვხედავთ დედათა სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდას ტეხასში, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უსწრებს. საქმე ჯანდაცვას ეხება. მინესოტა ამ სფეროში პირველ ადგილზეა, რადგან ჩვენ ვენდობით ქალებს. ჩვენ ვენდობით ექიმებს“, – განაცხადა ტიმ უოლცმა, „დემოკრატიული პარტიის” ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.
90-წუთიანი დებატების განმავლობაში ტიმ უოლცი და ჯეიმს ვენსი ერთმანეთს ხშირად პირდაპირ მიმართავდნენ, რაც მიმდინარე რბოლაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის იშვიათი შემთხვევაა.
მიუხედავად არაერთი საკითხის გარშემო დიდი უთანხმოებისა, დებატების დასრულების შემდეგ ორივე ლიდერის მხარდამჭერებმა გამარჯვებულად საკუთარი პარტიის კანდიდატი დაასახელეს.