პირველი ქართული სარაგბო „ფრენჩაიზი“ „შავი ლომი“ 28 სექტემბერს, ესპანურ „იბერიანსს“ დაუპირისპირდება.
„შავი ლომის“ მორაგბეები სრულ მზადყოფნაში არიან. გუნდმა დღეს, „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე გამართა ვარჯიში. „შავი ლომი” ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში ასპარეზობს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
„შავი ლომი” ამ გათამაშებაში უკვე მეორედ ხვდება „იბერიანსს“.
პირველი დაპირისპირება ქართველი მორაგბეების გამარჯვებით ანგარიშით 54-3 დასრულდა.
ჯგუფური ეტაპის მესამე თამაში “შავ ლომსა” და ესპანურ „იბერიანსს” შორის ავჭალის სტადიონზე 18:30-ზე დაიწყება.
“ევროპიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდით და მშვენიერი მოსამზადებელი კვირა გვქონდა. განსაკუთრებული მატჩი გველოდება, იმიტომ რომ პირველ თამაშს ვთამაშობთ სახლში და დიდი პასუხისმგებლობაა. მოუთმენლად ველით მატჩს და აუცილებლად მოსაგებად გავალთ მოედანზე.
მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე 2 კვირის წინ დავამარცხეთ, მაინც გვმართებს ყურადღება და კონცენტრაცია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ!”, – ამბობს “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი.