მთავარიგადაცემებიClimate Nowმყინვარების დნობა ავსტრიის ალპებში დაბლობის ლანდშაფტს ცვლის

მყინვარების დნობა ავსტრიის ალპებში დაბლობის ლანდშაფტს ცვლის

ჰაერის ტემპერატურის მატება ალპებში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. მყინვარები დნება და მდინარეში ამის გამო მეტი ნაშალი ჩადის, თანაც მზრალი ნიადაგის დნობა კლდის ჩამოშლის რისკს ზრდის.

მთის ფერდობები კი ახალი ბალახეულით იფარება. ავსტრიაში მყინვარი შტუბაი ძალიან სწრაფად დნება და, სავარაუდოდ, 20 წელიწადში აქ ყინული საერთოდ გაქრება.

ამიტომ საინტერესოა, მაინც რა გავლენას ახდენს მყინვარის დნობა როგორც ამ მთის ფერდობებზე, ისე მის მახლობელ დაბლობზე? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „ევრონიუსი“ ავსტრიაში ჩავიდა. თუმცა რეპორტაჟის მომზადების დროს გამოქვეყნდა კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემები, რომელიც გვაჩვენებს, რომ გლობალურ დონეზე ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდი წელს ყველაზე ცხელი იყო, რაც კი აღნუსხულა.

euronews

ჰაერის ტემპერატურა ამ დროს 0.7 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. ჰაერის ტემპერატურის  ანომალიების ყოველთვიური მსოფლიო გრაფიკის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული 1979 წლის შემდეგ ყველაზე თბილი იყო.

გრაფიკზე ნაჩვენებია, თუ როგორ იზრდებოდა ტემპერატურა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ზაფხულში საშუალო ტემპერატურა მთელ ევროპაში რეკორდულად მაღალი გამოდგა. საშუალოზე უხვი ნალექი მოვიდა დასავლეთსა და ჩრდილოეთ ევროპაში, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში საშუალოზე მშრალი ამინდები იყო.

„ამ რუკებზე წარმოდგენილია ნალექებისა და ნიადაგის სინოტივის ანომალიები ზაფხულში. აშკარად ჩანს, რომ ბალკანეთსა და იტალიაში ცხელი და მშრალი ამინდი იდგა, ხოლო  საფრანგეთიდან მოყოლებული სკანდინავიის ჩათვლით საშუალოზე ხშირად წვიმდა. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას,  ალპების მთიანეთი  ევროპის  ერთ-ერთი  ისეთი რეგიონია, სადაც დათბობა ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს. მყინვარმა შტუბაიმ ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ მცირე 20 მეტრის სისქე ყინული დაკარგა და მალე ყინულის საფარი სულ გაქრება, – ამბობს გლაციოლოგი ანდრეა ფიშერი.

„დღე უკვე ვეღარ ვხედავთ ვერც თოვლს და ვერც ფირნს (ნაჟონი მარცვლოვანი ყინული, რომელიც შემდეგ უდნობ ყინულად გარდაიქმნება), ახალი ყინული აღარ წარმოიქმნება,“ -ამბობს  ანდრეა ფიშერი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის გლაციოლოგი. „შუა მყინვარზე ადგილ-ადგილ უკვე ჩანს კლდე. ყინულის საფარი ძალიან გათხელდა და რამდენიმე წელიწადში სულაც გაქრება“.

„ყინულის დნობა და მზრალი ნიადაგის ლღობა ნიშნავს, რომ მყინვარიდან წამოსულ ნაკადულებში კლდის ნაშალი მოიმატებს, რომელიც წყალში ჩადის და ამის გამო ნაკადულები თითქმის თეთრია, რის გამოც მას  მყინვარის რძეს უწოდებენ. წყალში კარგად ჩანს წვრილი მტვრის ნაწილაკები, რომლებიც ყინულის დნობის შედეგად ჩამონადენ წყალს ახასიათებს. ჩამონადენ წყალში ნაშალის მატება თავსატეხს უჩენს საწარმოებსა და ჰიდროელექტროსადგურების კაშხლებს. გარდა ამისა, ჩამონადენი წყალი შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც მზრალ ნიადაგში იყო ჩაყინული. „მზრალი ნიადაგის ლღობის შედეგად იცვლება წყლის შემადგენლობა,“ -განმარტავს ანდრეა ფიშერი.

„სხვა ყველაფერთან ერთად, ლღობის შედეგად თავისუფლდება ისეთი მძიმე ლითონები, როგორებიცაა ურანი და ნიკელი, ამიტომ აუცილებელია, დავრწმუნდეთ, რომ მათი  კონცენტრაცია არ არის ძალიან მაღალი, რაც საფრთხეს შეუქმნის დაბლობის წყლით მომარაგებას“.

„მზრალი ნიადაგის ლღობა ხშირად მაღალ მთაში კლდის ჩამოშლას იწვევს. ანდრეა გვაჩვენებს იმ ადგილს, სადაც საფეხმავლო ბილიკი ახლახან სწორედ ასეთი კლდის ჩამოშლამ ჩახერგა. ასეთი ბუნებრივი მოვლენები აქ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კლიმატის ცვლილების გამო ისინი უფრო გახშირდა და  პროგნოზს აღარ ექვემდებარება. „სიახლე ამ საფრთხის გავრცელებაა,“ – ამბობს ანდრეა.

„კლდის ჩამოშლა სულ უფრო მასშტაბური და ხშირია. ის სულ უფრო ხშირად ხდება და უფრო სახიფათო სახე აქვს, რადგან ვერ ვხვდებით, როდის  მოხდება“. ზღვის დონიდან 2500-მეტრზე მაღლა არსებულ ამ რისკს ეხმაურება სოფელ გალტიურის მთის სამაშველო სამსახურის უფროსიც. იგი ამბობს, რომ, მართალია, ტურისტებს ისევ შეუძლიათ დაბლობზე სალაშქრო ბილიკებზე სიარული, მაგრამ მაღალ მთაში მდგომარეობა გართულდა კლიმატის ცვლილების გამო.

კრისტიან ვოლტერი, გალტიურის სამაშველო სამსახურის უფროსი: „ადრე უფრო უსაფრთხო იყო, რადგან თოვლის საფარი გაცილებით სქელი იყო. ეს ნიშნავს, რომ შეგეძლო ასასვლელი  და ჩამოსასვლელი მარშრუტების გამოყენება საგანგებო ვითარების დროს თოვლიან ხევებში ისე, რომ კლდე არ ჩამოშლილიყო.

ახლა ეს ყველაფერი გაქრა. ამიტომ სამაშველო დასაშვები მარშრუტებიც აღარ არსებობს, რადგან იმდენ ადგილას იშლება კლდე და მისი ზედაპირი ისეთი ფაშარია, რომ ეს უსაფრთხო აღარ არის“. ეს საფრთხე კიდევ რამდენიმე ათეული წელი იარსებებს, რადგან როდესაც მთაში ყინული გაქრება,  აქაურობა მწვანე საფარით დაიფარება ყველაზე მაღალ ზონაშიც.

„ ამჟამად თეთრიდან ნაცრისფერზე გადავდივართ, რომელიც საბოლოოდ გამწვანდება, უკვე შორიდანაც კი ჩანს, რომ ალპებში სიმწვანე იმატებს. ბოლოს ყველა  ზონა მწვანედ ახასხასდება“, – ამბობს ანდრეა. ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend