უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში სახელმწიფო საზღვარი კიდევ ერთ ადგილას გადაკვეთეს და შეტევითი ოპერაციები წამოიწყეს.
სამხედრო იერიშის ამსახველი ვიდეომასალა უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე სადესანტო-შემტევმა ბრიგადამ გამოაქვეყნა.
ბრიგადის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს უკვე მეორე წარმატებული იერიშია მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დაიწყეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ასუფთავებს ნაღმებისგან და ანგრევს საინჟინრო ნაგებობას უკრაინული ქვედანაყოფი. ამით კი ამზადებს გასასვლელს, სადაც შემდეგ შემტევი ქვედანაყოფები გადაადგილდებიან.
ინფორმაციისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტევითი მოქმედებები 6 აგვისტოს დაიწყეს. სამხედრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინული არმია კურსკის ოლქში გლუშკოვოს ფლანგზე სამი ადგილიდან შეიჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გლუშკოვოს სამხრეთით მათ ძლიერი შეტაკება მოუწიათ უკრაინულ ძალებთან.
ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის მეთაური ანტს კივისელგი ესტონურ მედიასთან აღნიშნავს, რომ რუსული არმიის შესაძლებლობები უახლოეს პერიოდში შეიცვლება.
„კურსკში უკრაინის არმია ოპერატიულ დონეზე ფლობს სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა პოკროვსკის მიმართულებიდან ძალა არ გადაიყვანა კურსკში, უახლოეს კვირაში აქ დიდი ცვლილებები არაა მოსალოდნელი. გასულ კვირას ტვერის ოლქში მდებარე ტოროპეცის სამხედრო საწყობის განადგურება უარყოფითად აისახება რუსულ ძალებზე. დაბომბვის შედეგად აფეთქდა დაახლოებით 30 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება, რაც 750 ათას ჭურვს უტოლდება“, – აცხადებს ანტს კივისლეგი.
კურსკის ოლქში შეტაკებების პარალელურად, სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში. კრემლის სამხედრო ძალის კონცენტრაციის მთავარი ადგილებია ჩასივ–იარი, ტორეცკი და პოკროვსკი.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 21 September 2024.
Find out more about Defence Intelligence's use of language: https://t.co/23YZ3KJeCd#StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/T62rs0PKED
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) September 21, 2024
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მხოლოდ პოკროვსკთან 35 რუსული იერიში მოიგერიეს. მძიმე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს ტორეცკის ფლანგზეც, რადგან ეს მიმართულება რუსული არმიისთვის მნიშვნელოვანია იერიშების სამომავლო განვითარების მიზნით. ამ დასახლების აღების შემდეგ კრემლს რამდენიმე მიმართულებით გაეხსნება შეტევის განვითარების შესაძლებლობა. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ტორეცკის ფლანგს იცავენ, რთულ ვითარებაზე საუბრობენ.
„სიტუაცია რეალურად ძალიან მძიმეა. რადგან რუსები მიწასთან ასწორებენ ქალაქებს. მრავალსართულიანი სახლები სრულადაა დანგრეული. აქაც მართვადი ავიაბომბები დაფრინავენ, სოფლებს ცეცხლი უკიდია. ღამით ხალხი შველას ითხოვს, მაგრამ ვერ ვშველით. სახლები ბანქოს ბარათებივით იშლებიან“, – ამბობს ერთ ერთი უკრაინელი სამხედრო ტორეცკის ფლანგზე.
ფრონტის ხაზს მიღმა კრემლი კვლავ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. მათ შორისაა ხარკივი, სადაც 21 მოქალაქე დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში კრემლმა 67 საავიაციო და 167 საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინაზე.