მოსადი

ბოლო დღეებში მსოფლიოს ყურადღება ლიბანში მომხდარმა აფეთქებებმა მიიპყრო. ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ჰეზბოლას“ მებრძოლებს ჯერ პეიჯერები აუფეთქდათ, შემდეგ კი ხელის რადიოსადგურები. დაღუპულია ათეულობით ადამიანი, ასეულობით კი – დაშავებული. „ჰეზბოლამ“ ამ ყველაფერში ისრაელი, კონკრეტულად ისრაელის უსაფრთხოების სამსახური, მოსადი, დაადანაშაულა. რა ორგანიზაციაა მოსადი?!

„წინამძღოლობის გარეშე ერი მარცხდება, მრავალი მრჩევლის ხელშეწყობით მოდის უსაფრთხოება“ ეს მოსადის დევიზია. დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების ამ ინსტიტუტის შექმნა ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლებს უკავშირდება. „ბრიტანიკას“ მონაცემებით, მოსადი ფორმალურად დაკომპლექტდა 1949 წელს. ამავე გამოცემის მიხედვით, მოსადი ჰაგანას სადაზვერვო ჯგუფის მემკვიდრეა. ისრაელის ორგანიზაცია „ჰაგანა“ახლო აღმოსავლეთში ბრიტანეთის მანდატის პერიოდში მოქმედებდა. მოსადის პირველი ხელმძღვანელი იყო რეუვენ შილოახი. „ბრიტანიკას” მონაცემებით, ისრაელელი მზვერავები პირველად 1951 წელს გამოაშკარავდნენ. ეს იყო ბაღდადში, როდესაც მოსადის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დააკავეს.

ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელია დავიდ ბარნეა.

„მოსადის თანამშრომლები და მეთაურები მოქმედებენ ისრაელის საზღვრებს მიღმა ღამით და დღისით, ჩრდილში… ჩვენ ვართ ყველგან, სადაც საჭიროა, ვმუშაობთ გამბედაობით, სიბრძნითა და მონდომებით. ჩვენი მოქმედება როგორც ფარული, ისე ეროვნული, შემოქმედებითი და კრეატიულია. მოსადის სიძლიერეს ადამიანები ქმნიან“, – წერს დავიდ ბარნეა მოსადის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ორიოდე სიტყვით მოგიყვებით მოსადის რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შესახებ:

· 1960 წელს მოსადმა ერთ ერთი გამორჩეული ოპერაცია ჩაატარა. ამ დროს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ეს-ესის ოფიცერი, ჰოლოკოსტში დამნაშავე ადოლფ ეიხმანი არგენტინაში დააკავეს და 9 დღის შემდეგ ფარულად გადმოიყვანეს ისრაელში, სადაც ნაცისტური გერმანიის წარმომადგენელი გაასამართლეს.

· 1972 წელს იყო ოპერაცია „ღვთის რისხვა“ . ამ ოპერაციამ საფუძველი ჩაუყარა ერთგვარ საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტს. ეს იყო ფარული ლიკვიდირების სერია, რომელიც დაუკავშირდა 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ ტერაქტს, რა დროსაც პალესტინური ორგანიზაცია „შავი სექტემბრის“ წევრებმა 11 ისრაელელი სპორტსმენი გაიტაცეს და დახოცეს. ტერორისტებთან ბრძოლა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

· 1976 წელს ჩატარდა ოპერაცია „ჭექა ქუხილი“, იგივე ენტებე. ისრაელიდან საფრანგეთში მიმავალი თვითმფრინავი პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ტერორისტებმა ავიალაინერი უგანდაში, ქალაქ ენტებეში გადაიყვანეს და გაათავისუფლეს მხოლოდ სხვა ეროვნების მოქალაქეები. ისრაელიდან 4000 კილომეტრის მოშორებით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შვიდივე ტერორისტი დახოცეს და გაათავისუფლეს მძევლები. ამ ოპერაციის დროს დაიღუპა მხოლოდ ერთი ძალოვანი და 3 ტყვე.

ორგანიზაციამ ასევე სხვა მრავალი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. ერთ-ერთი მათგანია ლიბანის პეიჯერების ოპერაცია, რომელიც მსოფლიო მედიამ სწორედ მოსადს დაუკავშირა. სამხედრო მიმომხილველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოსადს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში.

მოსადი უზრუნველყოფს ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიაქტიური და ბირთვული საფრთხეების აღმოფხვრას, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ოპერაციებს, ირანისა და „ჰეზბოლას“ ოპერაციების ჩაშლას. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, მოსადი მსოფლიოს ელიტური სპეცსამსახურების სიაშია და ამაყად დგას ისეთი სპეცსამსახურების გვერდით, როგორებიცაა, ცენტრალური სადაზვერვო სამსახური აშშ-ში და ბრიტანული „MI – 6“.

და ბოლოს, ირანში „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის თეირანში ლიკვიდაციასაც ისრაელის სპეციალურ სამსახურებს მიაწერენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend