მთავარისაქართველოუკრაინული სახლის დაარსებიდან ერთი წელი გავიდა

უკრაინული სახლის დაარსებიდან ერთი წელი გავიდა

ეს მოტანკაა. უკრაინული უძველესი ტრადიციით დამზადებული მფარველი თოჯინა, რომელსაც თითოეულ უკრაინულ ოჯახში შეხვდებით. მოტანკას თოჯინა საქართველოში უკრაინულ სახლსაც მფარველობს.

უკრაინული სახლი დაარსებიდან ერთი წლის თავს აღნიშნავს. ღონისძიებაზე საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა პერფორმანსი გამართეს: განგაშისას თავშესაფარში მყოფი დედა შვილებს მოტანკას თოჯინის შესახებ უამბობს. წარმოდგენაში ორ შვილთან ერთად კატერინა ჩერნორაი მონაწილეობდა. ის თბილისში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. კატერინა ამბობს, რომ ადაპტაციაში უკრაინული სახლი დაეხმარა.

„როდესაც პირველად მოვედი უკრაინულ სახლში, შვება ვიგრძენი. თითქოს ყველაფერი უფრო გამიიოლდა. აქ ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერასა და მოტივაციას. უკრაინულ სახლში იმართება ძალიან ბევრი მასტერკლასი, ვორქშოფი და საღამოს შეხვედრა, რომლებიც ჩვენს როგორც პირად, ისე პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი საზოგადოებრივ საქმიანობაშიც გვეხმარება. ჩემი ბავშვები აქ არსებული უკრაინული ბიბლიოთეკით სარგებლობენ. ჩვენ ბევრს ვკითხულობთ, წიგნები ძალიან გვიყვარს, თუმცა როდესაც უკრაინიდან წამოვედით, თან ვერ წამოვიღეთ. მხოლოდ ერთი ჩანთა გვქონდა. გაგვიხარდა, აქ ამდენი უკრაინული წიგნი რომ ვნახეთ. ზაფხულში რაღაც პერიოდი უკრაინაში ჩავედით. მეუღლე და მშობლები მოვინახულეთ. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, უხასიათოდ ვიყავი. მაშინვე აქ, უკრაინულ სახლში, მოვედი და ყველას გავუზიარე ჩემი გრძნობები. აქ მე ის მხარდაჭერა ვიპოვე, რომელიც ასე მჭირდებოდა. რთულია, როდესაც მეუღლის, მშობლებისა და ოჯახის წევრების გარეშე ხარ. ამ სირთულეების გადატანა ამ კედლებში ბევრად უფრო მარტივია“, – ამბობს კატერინა ჩერნორაი.

უკრაინული სახლი გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს იმ უკრაინელებს, რომლებსაც სამშობლოს დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა მოუწიათ.

„პირველ რიგში, ეს სივრცე გაიხსნა ლტოლვილებისა და იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობენ. ეს სახლი მათთვისაცაა, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. წლის განმავლობაში აქ ძალიან ბევრი აქტივობა გაიმართა. ჯამში კი 4000-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა. პარტნიორებთან ერთად 120 ღონისძიება გავმართეთ, დამოუკიდებლად კი – 400-ზე მეტი. საუბარია საგანმანათლებლო, კულტურულ ღონისძიებებზე. ასევე იყო შეხვედრები, ტრენინგები. ამ ყველაფრის მიზანია, დაეხმაროს უკრაინელ დევნილებს ადაპტაციასა და ინტეგრაციაში, რომ სტრესული მდგომარეობიდან გამოვიდნენ და შეძლონ აქ ნორმალურ ვითარებაში, ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრება. ახლა მათ ნამდვილად რთული პერიოდი აქვთ, რადგან ასეთ გარემოში ცხოვრება საკმაოდ სტრესულია,“ – ამბობს უკრაინული სახლის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი.

უკრაინის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იმ 40-ამდე უკრაინელი ლტოლვილი მეწარმის პროდუქტი, რომლებმაც მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვეს და კონსულტაცია მიიღეს.

„ომმა უკრაინას დიდი ზიანი მიაყენა. ამასთანავე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მასშტაბური მიგრაციის კრიზისი გამოიწვია. ჩვენ, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობით შევეცადეთ საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, უკრაინელებისთვის თავშეყრის ადგილი მოგვეწყო, სადაც ისინი მიიღებდნენ საჭირო დახმარებასა და სათანადო მხარდაჭერას, ასევე გარკვეულ ინფორმაციასა და რჩევას სხვადასხვა, მათ შორის, ჯანდაცვის საკითხებზე. ჩვენი მიზანია, მათი ყოფა გამარტივდეს. აქ ბავშვებს შეუძლიათ, უკრაინელი თანატოლებიც გაიცნონ და მშობლიურ ენაზე ისაუბრონ“, – განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ნილს ქრისტენსენმა.

უკრაინულ სახლში ამბობენ, რომ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ, რათა სამშობლოდან იძულებით წამოსულებმა ცოტა ხნით მაინც იგრძნონ თავი მშობლიური გარემოში.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend