რუსეთის საგარეო დაზვერვა წერს, რომ აშშ გეგმავს, ჩაერიოს საქართველოში დაგეგმილ 26 ოქტომბრის არჩევნებში.
„შემოსული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას ახალი ინსტრუმენტით აპირებს, რათა ვაშინგტონისთვის მიუღებელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” გამარჯვებას ხელი შეუშალოს. ამერიკელები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს ხელმძღვანელობას საქართველოს მიმართულებით „თანამშრომლობის“ თაობაზე შეუთანხმდნენ.
არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო გამოაქვეყნებს შუალედურს ანგარიშს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობების არარსებობის შესახებ. ხმის მიცემის პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარადგენენ დასკვნას ელექტორალური პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის თაობაზე.
ვაშინგტონის ჩანაფიქრი აშკარაა და გასაკვირი აღარ არის – მისცეს საბაბი საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო აქციების დასაწყებად, ძალისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. სამწუხაროა, მსგავს მაქინაციებში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მონაწილეობა, რომელიც, როგორც ეუთოს ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, მოწოდებულია, დახმარება გაუწიოს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და დაცვის საკითხებში, ასევე განავითაროს შემწყნარებლობა საზოგადოებაში.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ბიუროს მზაობა, აპრიორი, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ის „არადემოკრატიულად“ აღიაროს, რაც ცხადყოფს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო საბოლოოდ იქცა ამერიკის მთავრობის უსამართლო თამაშების რუპორად. შექმნილ ვითარებაში გამართლებულად მიგვაჩნია, რუსეთის გადაწყვეტილება შეამციროს ეუთო-ს დაფინანსება, რათა როგორღაც შეასუსტოს ამ ოდესღაც პატივსაცემი საერთაშორისო ორგანიზაციის დესტრუქციული საქმიანობა”, – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესსამსახურის მიერ 11 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.