ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო დანაყოფების თავდასხმის შედეგად ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ზონაში 19 ადამიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, 60 ადამიანი დაიჭრა ხან იუნისის ალ-მავასის რაიონში, სადაც სარაკეტო იერიშების შემდეგ მიწაში 10 მეტრის სიღრმის კრატერი გაჩნდა.
„ჩვენ გვეძინა, უცებ მოხდა ყველაფერი. თითქოს ქარიშხალი ამოვარდა. ირგვლივ ქვების გროვა, კვამლი, ცეცხლი იყო. ხეები იწოდა. ჩემი ქალიშვილი ერთ მხარეს იწვა. უმცროსი ქალიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა. მეორე ქალიშვილი დამეღუპა. მე კი დავშავდი“, – ამბობს დაზარალებული სამარ მოამარი.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური სამაშველო სამუშაოებს აგრძელებს. ისინი ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.
ისრაელი კი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ არ ცნობს და ამტკიცებს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა იარაღი მხოლოდ „ჰამასის“ წინააღმდეგ გამოიყენეს. ამ იერიშამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის სამხედროებმა აღიარეს, რომ გასულ კვირას დასავლეთ სანაპიროზე ამერიკელ აქტივისტს შემთხვევით ესროლეს იმ ჯარისკაცებმა, რომლებიც დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ. ამერიკელი აქტივისტის საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.