ბოლო ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები უახლოვდებიან პოკროვსკის დასახლებას, რომელიც დონეცკის რეგიონში უკრაინელთა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია. დასახლებაში სავალდებულო ევაკუაციაა გამოცხადებული, თუმცა ადგილზე ჯერ ისევ რჩება 20 000-ამდე მოსახლე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავის საერთაშორისო მოკავშირეებს, დროულად აღსრულდეს მიღწეული შეთანხმებები და რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ მათთვის გამოყოფილი დახმარება.
რუსების შეტევის ფონზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოკავშირეებისგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს.
ბოლო ინფორმაციით, რუსეთი პოკროვსკს უახლოვდება. ოკუპანტების მტკიცებით, მათ კიდევ ერთი ახლომდებარე სოფელი დაიკავეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიღწეული შეთანხმებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღსრულდეს. მისი განცხადებით, ის, რაც უკრაინელ სამხედროებს ძალიან სჭირდებათ, სექტემბერშივე უნდა მიეწოდოთ.
პოკროვსკი დონეცკის რეგიონში უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს, თუმცა მოსახლეობის მესამედს ჯერ კიდევ არ დაუტოვებია ქალაქი.
შექმნილი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, პოკროვსკში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.
ადგილობრივების თქმით, ვითარება სულ უფრო უარესდება. მათ აღარ მიეწოდებათ ელექტროენერგია და სასმელი წყალი.
ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის სამხედროებს რუსების შეტევების მოგერიებისთვის. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ მათ დაიკავეს ტერიტორია, საიდანაც ადვილადაა შესაძლებელი პოკროვსკში შესვლა.