მთავარიEUROPEN UNIONევროკავშირის, უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს

ევროკავშირის, უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს

გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი მიესალმა თურქეთის გადაწყვეტილებას დასწრებოდა ამ შეხვედრას მრავალი წლის შემდეგ და დასძინა, რომ კვიპროსში განვითარებული დაძაბულობის განმუხტვაში ევროკავშირის როლის გააზრება და დიალოგის გაღრმავება, თურქეთისთვის მომგებიანი იქნება.

თავდაპირველად, შეხვედრა უნგრეთში უნდა გამართულიყო, თუმცა ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, საბოლოოდ დანიშნულების ადგილი ბრიუსელით შეცვალეს. ეს ფაქტი ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ და ბორელს კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

„მე ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ახლა კი მოდით ვკონცენტრირდეთ უკრაინის საკითხზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი შეხვედრისა. არ აქვს მნიშვნელობა, სად განვიხილავთ ამ საკითხს, ბრიუსელში თუ ბუდაპეშტში, რადგან ეს მთავარი არ არის“, – ამბობს ჯოზეფ ბორელი.

შეხვედრისას მინისტრებმა განიხილეს ვენესუელას არჩევნებიც, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ის ჩატარდა გაუმჭვირვალედ, ხელისუფლების მხრიდან აშკარა დარღვევებით. შეხვედრაზე იმყოფებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საპრეზიდენტო კანდიდატი, ედმუნდო გონზალესი, რომელიც აშშ-მ ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ცნო.

ჯოზეფ ბორელმა დრო დაუთმო უკრაინასაც, მისი აზრით, უკრაინის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაზე. მან მიმართა კულებას და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობასა და სამედიცინო დახმარების ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმები გაუმართლებელია და რომ ევროკავშირში უნდა იმსჯელონ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვების მოხსნის თაობაზე.

მინისტრებმა ისაუბრეს ღაზის სექტორზეც. ბორელის თქმით, ისინი მაქსიმალურად თანამშრომლობენ გაეროსთან, რომელსაც ისრაელის მთავრობის წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა.

„დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ყოველდღიურად უშედეგოდ მიმდინარეობს. ღაზის სექტორის დაბომბვა გრძელდება და იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. ეს ჩვენთვის მიუღებელია და იმედს ვიტოვებ, რომ მინისტრები ისრაელის მთავრობის მოქმედების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებენ, რადგანაც სპეცოპერაცია ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით მიმდინარეობს“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელი იმედოვნებს, რომ მინისტრების მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ისინი კიდევ შეიკრიბებიან მსგავსი ფორმატით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend