შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
აბიტურიენტების შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დღეს 15:00 საათიდანაა შესაძლებელი.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას -1 600 – მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.