სახალხო დამცველ „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყო და მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მას კომპანიასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მედიაციის უფლება არ აქვს, თუმცა შრომითი დისკრიმინაციის ნაწილში სახალხო დამცველის ინსტიტუტი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
„პროტესტის დაწყების პირველი დღიდან საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ საკითხის შესწავლა. რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ. საკითხის მოგვარებისკენ მოვუწოდეთ როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას. საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას, პროტესტის ფორმის გამოხატვის შესაძლებლობას და ა. შ. დისკრიმინაციის ნაწილში მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. იცით, რომ უშუალო მედიატორი ვერ ვიქნებით. ამის მანდატი არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. გაფიცული თანამშრომლები საუბრობენ ღირსების შემლახველ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფატებზე და ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თანამშრომლები შესაძლოა დაპირისპირებულები იყვნენ. ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდება. ამის უფლებამოსილება გააჩნია შრომის ინსპექციას, ხოლო შესაძლო დისკრიმინაციაზე – ჩვენ. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვა 12 ივლისიდან დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნა კომპანიაში ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და ანაზღაურების ზრდაა. 12 ივლისის შემდეგ გაფიცული თანამშრომლები კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. 12 აგვისტოდან პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, ოთხმა გაფიცულმა თანამშრომელმა მიმართა. პროფკავშირ „ლაბორში“ ამბობენ, რომ ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა, რომელსაც ვინაობის გასაჯაროება არ სურს, 21 აგვისტოს პირი ამოიკერა. გაფიცვის 39-ე დღეს პროფკავშირმა ხელისუფლებას, პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დღეს პროტესტი 42-ე და შიმშილობის მეათე დღეა.