„ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე, ლიბანის საავადმყოფოების ხელმძღვანელები პაციენტთა უპრეცედენტო რაოდენობის მისაღებად ემზადებიან. ზრდიან სამედიცინო მარაგს და სხვა რესურსებს, რათა ყოველდღიურად ასობით დაშავებულის მიღება შეძლონ.
ბეირუთის რაფიკ ჰარირის სამთავრობო-საუნივერსიტეტო საავადმყოფოში განყოფილებები წითელ, მწვანე და ნაცრისფერ ზონებად არის დაყოფილი. განსაკუთრებული სივრცეა გამოყოფილი ბიოლოგიური იარაღის და ფოსფორის შემცველი ბომბების მსხვერპლებისთვის.
,,ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმ ტვირთს, რისი აღებაც შეიძლება მოგვიწიოს, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. არ ვიცით ისრაელის შეტევების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, არც ის თუ რა იქნება სამიზნე და შეეხება თუ არა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობას. არ ვიცით რა იქნება. მაგრამ მოველით, რომ თუ დღეში 50 დაჭრილი გვეყოლება, 10 დღე შევძლებთ მუშაობის გაგრძელებს. მდგომარეობას გააჩნია“, – ამბობს ჯიჰად საადეჰი, ბეირუთის სამთავრობო-საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გენერალური მენეჯერი.
ადრე, ლიბანის ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი საუკეთესო იყო რეგიონში, თუმცა ქვეყანა 2019 წლიდან მოყოლებული, კორუფციისა და არასწორი მართვის გამო, კრიზისს განიცდის. მდგომარეობა გაართულა კოვიდპანდემიამ და 2020 წელს ბეირუთის პორტის აფეთქებამ, რომელმაც დააზიანა ჯანდაცვის საკვანძო ინფრასტრუქტურა.
აგვისტოში, ლიბანმა გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან 32 ტონის ოდენობის სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიიღო.
,,ყველა საავადმყოფო მზად უნდა იყოს მასობრივი ზარალის სამართავად. ფართომასშტაბიანი მზადებაა ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. შევიმუშავეთ გეგმა რათა საავადმყოფომ ეფექტურად შეძლოს დიდი რაოდენობით პაციენტების მიღება“, – აცხადებს გრაცია დონა, ლიბანის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის დირექტორი.
ისრაელის არმიასა და ლიბანის ,,ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები 8 ოქტომბრიდან მოყოლებული მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ დადო პირობა, რომ მხარს დაუჭერს „ჰამასს“, საკუთარ მოკავშირეს ღაზის სექტორში.
ბოლო კვირების განმავლობაში კი ისრაელი სულ უფრო და უფრო აღრმავებს ლიბანის წინააღმდეგ თავდასხმებს. სასაზღვრო რეგიონის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.
,,ჩვენი საავადმყოფოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მზად ვართ ნებისმიერი სახის კატასტროფისთვის, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში მოხდეს. ვერ წარმომიდგენია, რა გაუთვალისწინებელი მოვლენა შეიძლება ვიხილოთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ლიბანის საავადმყოფოში ძალიან დიდი მზადყოფნაა. ერთ დღეში შევძლებთ 100 დაშავებულის მიღებას, მათ შორის ოცდაათ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს“, – ამბობს ელი გარიოსი, ლიბანის სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი.
ლიბანის მთავრობის თანახმად, ქვეყანას ოთხი თვის სამყოფი მარაგი აქვს დაშავებულთა კრიტიკული რაოდენობის მისაღებად.
საავადმყოფოების ხელმძღვანელების თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გარეშე მსგავსი უპრეცედენტო რაოდენობის დაშავებულების მიღება შეუძლებელი იქნება.