რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის კონტროლქვეშ მოქცეული მეტი დასახლება, დატყვევებული რუსი სამხედროები, ევაკუირებული მოსახლეობა და საგანგებო მდგომარეობა ბელგოროდის ოლქში – ასეთია, კიევის სახმელეთო ოპერაციის მეცხრე დღე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ცნობით, ქვეყნის სამხედრო დანაყოფები კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.
მანვე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ქალაქ სუჯაში დასრულებულია რუსული ქვედანაყოფების ძებნა და რომ ყველა მათგანი განადგურებულია.
განახლებული ცნობებია დატყვევებულების შესახებ
კიევის ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელებმა კურსკის ოლქში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაატყვევეს და ცალკეული მიმართულებით მცირე წინსვლა აქვთ. ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება კადიროვის რაზმის წევრების ტყვედ ჩავარდნაზე.
გამოცემა The Wall Street Journal-ი, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო, რუსეთს აღმოსავლეთის ფრონტიდან უკან დახევა უწევს.
სახმელეთო ოპერაციის დაწყებისას, კიევს სწორედ მოწინააღმდეგის პოზიციების გადაჯგუფება და რუსებისთვის ლოჯისტიკური პრობლემების შექმნა ჰქონდა მიზნად დასახული.
მოსკოვში ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების ჩანაფიქრს მიუხვდნენ, თუმცა რუსი სამხედროების მხრიდან აქამდე დაკავებული პოზიციების დაკარგვის გათვალისწინებით, კრემლმა ეს საფრთხეები საკმარისად ვერ გათვალა.
12 აგვისტოს, როცა უკრაინამ პირველად დაადასტურა კურსკის ოლქის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა, კიევში განაცხადეს, რომ სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით, დონეცკისა და ლუჰანსკის ფრონტებს რუსეთი მოსაზღვრე – კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან ამარაგებდა.
დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის დამყარების გარდა, რუსეთი ვორონეჟისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქების საავიაციო ბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევაზე იუწყება. ადგილობრივი მმართველობის ცნობით, განადგურებულია 117 უპილოტო საფრენი აპარატი.
მიმდინარე სახმელეთო ოპერაციას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კრემლის მიერ კიევის მოქმედებების „უკანონოდ“ და „ტერორისტულად“ შეფასებას უწყების პრესსპიკერმა სპეკულაცია უწოდა. გეორგი ტიხის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას სხვისი ტერიტორიების მიტაცება არ სჭირდება და ის მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების დაცვაზეა ორიენტირებული.
„რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით უკრაინას არ სურს სხვისი საკუთრება. უკრაინა არ არის იმით დაინტერესებული, რომ კურსკის ოლქში ტერიტორიები ჩაიგდოს ხელში, ჩვენ გვინდა საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სამწუხაროდ, უკრაინას არ მოეპოვება საკმარისი შესაძლებლობები შორ მანძილზე დარტყმების მისაყენებლად იმ შეიარაღებით, რომელიც მოგვეპოვება ამ ტერორისგან თავის დასაცავად. ამიტომ აუცილებელია, უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით საზღვრისპირა რაიონების გათავისუფლება რუსეთის სამხედრო კონტინგენტებისგან, რომლებიც უკრაინას უშენენ ცეცხლს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ.
„ჩვენ, უკრაინელებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია მიზნის მიღწევა. შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და დამოუკიდებლობა. ჩვენი მიღწევები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
13 აგვისტოს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარება გამოყო ევროკომისიამ. ჯამური ოდენობა 4.2 მილიარდ ევროს შეადგენს. ფულადის გარდა, სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე საუბრობენ კიევშიც და დასავლეთშიც. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კიევის სახმელეთო ოპერაცია წარმატებულად შეაფასა და მას პუტინისთვის „ნამდვილი დილემა“ უწოდა. უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს მხარს უჭერენ და სამართლიანად აღიქვამენ ევროპელი ლიდერები, მათ შორის ფინეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები.
„ბოლო კვირის განმავლობაში, ჩემს თანამშრომლებს, დღეში დაახლოებით 4-5 საათს ვესაუბრები. განვიხილავთ სიტუაციას უკრაინაში. სამხედრო ოპერაცია პუტინისთვის ნამდვილ დილემას წარმოადგენს. პირდაპირი და მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს უკრაინის ხელისუფლებასთანაც. ჯერჯერობით სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი უკანონო აგრესია დაიწყო თითქმის სამი წლის წინ. ისინი ყოველდღე ესხმიან თავს უკრაინის მოსახლეობას, ქალაქებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავი და ნათელია, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ოპერაცია გაატარონ კურსკში“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ ორპომ, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრისას.
კიევში შეხვედრებს მართავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი. ვიზიტის ფარგლებში, ის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
„აქ, უკრაინაში, მისი ყოფნა გზავნის ძლიერ სიგნალს: უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარება არ სუსტდება“, – დაწერა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯეტ ბრინკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
სახმელეთო ოპერაციის დაწყების მეცხრე დღეს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე წინ მიიწევს, იკავებს დასახლებულ პუნქტებს და უკუაგდებს რუს სამხედროებს.
თუმცა, ექსპერტებისა და კიევის პოლიტიკური მმართველობის აზრით, თუ დასავლეთი არ მიაღწევს ერთობლივ შეთანხმებას და უკრაინას აგრესორის შორეული პოზიციების დამუშავების ნებართვას არ მისცემს, სამხედრო ოპერაცია სასურველ შედეგის მომტანი მხოლოდ მოსკოვისთვის იქნება.