მე-7 დღეა, საომარი მოქმედებების ეპიცენტრი რუსეთის ტერიტორია და კურსკის ოლქია. უკრაინელების, ხანგრძლივობითა და მასშტაბებით განსხვავებული სამხედრო ოპერაცია გრძელდება.
რუსეთის მთავრობის თქმით, უკრაინული ძალები კურსკის ოლქში 12 კილომეტრის სიღრმეში არიან შესული, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 30 კილომეტრს შეადგენს. რუსეთის შეიარაღებულის ძალების კონტროლქვეშ აღარაა რამდენიმე მსხვილი დასახლება. მათ შორის მთლიანადაა სუჯისა და კორენევსკის რაიონები, ასევე, ბოლშესოლდატსკისა და ლგოვის რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილი.
კრემლის მედიასაშუალებების ცნობით, გაზრდილია მოსახლეობის ევაკუაციის არეალი და რაოდენობაც – კურსკის ოლქის დასახლებების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა რეგიონში გადაჰყავთ ბელგოროდის ოლქის დასავლეთი ნაწილის რამდენიმე რაიონიდან. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ 121 000-ზე მეტი პირია ევაკუირებული. ალექსეი სმირნოვის თქმით, უკრაინელთა წინსვლის გამო, სავარაუდოდ, ევაკუირებულთა რიცხვი 180 000-მდე გაიზრდება.
კრასნოიარუჟსკის რაიონსა და სოფელ კოლოტილოვკაში უკრაინული ჯარის წინსვლას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ადასტურებს და „ტელეგრამარხზე“ დასახლებებში შექმნილ მდგომარეობას „შემაშფოთებელს“ უწოდებს. რუსული წყაროები ქალაქ შებეკინოსა და მის მიმდებარე დასახლებებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშების შედეგად დაშავებულებზე წერენ. ცნობილი ხდება რა ბედი ეწიათ რამზან კადიროვის რაზმის წევრებს, რომლებიც უკრაინის სახმელეთო ოპერაციის პირველ დღეებში კურსკის ოლქის მიმართულებით გადაისროლეს. „ტელეგრამარხზე“ „ახმატის“ რაზმის რიგებიდან, 20-ზე მეტი დატყვევებულის ვიდეო ვრცელდება.
კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლება ჯერ ოფიციალურად არ გამოხმაურებია, თუმცა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა, დავით ცეცხლაძემ ქართველ მებრძოლებს იარაღის დაყრისა და ოჯახებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ახორციელებს თავის საქმიანობას ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ქართველები რუსეთში, ყველა ერთად, მშვიდობიანად და მეგობრულად უქმნიან უკეთეს მომავალს შვილებს. კურსკის ოლქში ქართველი ეროვნების დაქირავებულთა გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ არის მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარონ იარაღი და დაუბრუნდნენ ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი და თქვენ არ ხართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საქართველოს დროშას აფრიალებთ. მე პირადად ჩამოვალ კურსკში და გადავუდგები იმ ტყვიებს, რომლებსაც რუსებს ესვრით“, – განაცხადა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა, დავით ცეცხლაძემ.
11 აგვისტოს საღამოს კიევისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებების მორიგი მიზეზი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძარი გახდა. ენერგოობიექტი, ისევე როგორც ზაპოროჟიეს ოლქი, უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 12 აგვისტოს კრემლმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
კურსკის ოლქში უკრაინის სახმელეთო ოპერაციას კრემლი უცვლელი რიტორიკით პასუხობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა მის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარების იერიშებისთვის „მკვეთრი პასუხის“ გაცემით იმუქრება და კიევს „ტერორისტულ საქმიანობაში“ სდებს ბრალს. პარალელურად, მან საერთაშორისო თანამეგობრობას კვლავ მოუწოდა, დაგმოს უკრაინის ქმედებები, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.
„მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელთა მიზანი მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება და მკვლელობაა. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და შემსრულებლები, რომელთა შორისაც უცხოელი კურატორებიც არიან, პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკვეთრი პასუხი არ დააყოვნებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობასა და ორგანიზაციებს, დაგმონ უკრაინელი სამხედროების ტერორისტული შეტევები, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ პასუხად მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურების სამარცხვინო დუმილს მივიღებთ“, – დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მოსკოვის რიტორიკის მსგავსად უცვლელია დასავლეთის პოზიციაც, სადაც მიიჩნევენ, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანით.
„ეს ოპერაცია უჩვენებს რუს ხალხს, რომ მათი დიქტატორი ვერაფერს აკონტროლებს და რომ სამხედრო ხელმძღვანელობა წნეხის ქვეშაა. ეს კარგი შესაძლებლობაა პუტინის მემკვიდრესთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოებისთვის და თავად პუტინთან, ჰააგის სასამართლო ტრიბუნალზე“, – დაწერა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკუს ფაბერმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ისევე, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, ახლაც გაურკვეველია პეკინის მკვეთრი პოზიცია. აზიაში რუსეთის ერთ-ერთ მოკავშირედ მიჩნეული სახელმწიფო მიმდინარე ომში ოფიციალურად არც მოსკოვს უჭერს მხარს და არც კიევს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარეებს მხოლოდ დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
„ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან დეესკალაციის სამი პრინციპი – არ გააფართოონ ბრძოლის ველის საზღვრები, არ მიმართონ ესკალაციას და არ განახორციელონ პროვოკაციები“, – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სანამ პეკინი მხარეებს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს, მოსკოვის ევროპელ მოკავშირეთა მცირე ჩამონათვალში მყოფი ბელარუსი სავარაუდოდ, დამატებითი ფრონტის გახსნას გეგმავს. მინსკმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ჯარის ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება დაიწყო. ლუკაშენკას ხელისუფლება ფაქტს ადასტურებს, თუმცა მას მხოლოდ კიევის მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, „პრევენციული ღონისძიებით“ ხსნის.
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მასობრივი დაბომბვისა და კიევის სახმელეთო ოპერაციის ფონზე, უკრაინა კვლავ მოუწოდებს მოკავშირეებს, მაქსიმალურად გაზარდონ ქვეყნის სამხედრო დახმარება და განცხადებების გარდა,