“მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე” – წერია, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
წერილში წერია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
წერილში ასევე ხაზგასმულია, ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი წერს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ამის მაგალითად კი მოჰყავს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც ბაიდენის განცხადებით არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. წერილში წერია, რომ მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, აშშ-ი საქართველოს მოსახლეობისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგული რჩება.