„როგორ გავაგრძელოთ დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც მთავრობა საკუთარი ხალხის ძლიერი ევროპული მისწრაფების მიუხედავად ევროკავშირის წევრობის ამბიციისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს?“ – ეს კითხვა სენატორმა ჯინ შაჰინმა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმისას დასვა. 30 ივლისს კომიტეტმა ევროპის მომავლის შესახებ ჯეიმს ო’ბრაიენს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მოუსმინა.
„მმართველმა პარტიამ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი კონსტიტუციაში შეიტანა. ახლა კი სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? ეს ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენ ვცდილობთ ძალიან მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რადგან საქართველო ითხოვს შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი – ჩვენი მთავარი პარტნიორია. ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭირო. საქართველოსთვის ჩვენი ყველანაირი დახმარება გადახედვის პროცესშია. ძალიან გვინდა მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც ამ შემოდგომაზე თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, ქვეყნის უკუსვლითა და ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის დამტკიცებით, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. საქართველოს მთავრობამ ეს გააკეთა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, ვაშინგტონმა მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია იმის შესახებ, რომ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან ბოლო დროს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობისთვის ეს გასაგებია. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციასა და იმ ქმედებებზე, რომლებმაც საქართველო კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
ჯეიმს ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და ეს სანქციები შესაძლოა კორუმპირებულ მაღალჩინოსნებთან ერთად ადამიანის უფლებების ხელყოფაში შემჩნეულ სხვა პირებსაც შეეხოთ. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, თუმცა ქვეყნისთვის ევროპულ კურსზე დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს და ამისთვის მთავარია, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. „საქართველოს მმართველი პარტიისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ჯერ კიდევ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა. მათ შეუძლიათ ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის გარეშე, გახადონ უცხოელი აგენტების კანონი არა რუსულთან, არამედ ევროკავშირის კანონთან თავსებადი და არ ააშენებინონ ჩინეთს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ის ნაბიჯებია, რომელთა გადადგმაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
ჯეიმს ო’ბრაიენმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დასავლური კურსის ცვლილებით კმაყოფილი მხოლოდ რუსეთია: „თუ თქვენ დააკვირდებით რუსეთის მთავარი პროპაგანდისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ისინი მიესალმებიან საქართველოს კურსის ცვლილებას. რუსეთმა თავისი საზღვაო ფლოტი აფხაზეთში გადაიტანა. ამიტომ საქართველოს მთავრობის რიტორიკას, რომ ე. წ. გამჭვირვალობის კანონის მიღება ნეიტრალური ნაბიჯია, ვფიქრობ, ეს ფაქტიც უარყოფს”.
26 ივლისს ჰელსინკის კომისიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. წერილში, რომელსაც ხელს კონგრესმენები ჯო უილსონი, სტივ კოენი და რიჩარდ ჰადსონი აწერენ, წერია, რომ დადგა დრო, დაიწყოს ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი საქართველოში არსებული კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი კერების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.
„გწერთ, რათა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უფრო სასწრაფო და გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოგიწოდოთ. ჩვენ მივესალმებით თქვენ მიერ ბოლოდროინდელ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და გვჯერა, რომ ეს თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯია. თუმცა ადგილზე განვითარებული მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად სასწრაფოდ მეტის გაკეთებაა საჭირო“, – წერია წერილში.
2024 წლის 30 მაისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა დაიწყო. შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ ცრუ ბრალდებების გამო პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები.