პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შესახებ ცვლილებების წინადადებას წარადგენს, რომლითაც კონგრესს მოუწოდებს, სასამართლოს ცხრა მოსამართლისთვის ვადის ლიმიტები და ეთიკის კოდექსი დააწესოს.
ის ასევე ზეწოლას ახდენს კანონმდებლებზე საკონსტიტუციო ცვლილების რატიფიცირების მიზნით, რომელიც პრეზიდენტის იმუნიტეტს შეზღუდავს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის არც შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და არც შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
„ბოლო შემთხვევა ყველაზე შოკისმომგვრელია. საქმეში, პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ის წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს იმუნიტეტი ყველა იმ პოტენციური დანაშაულის მიმართ, რომელიც მას შეიძლება თანამდებობაზე ყოფნისას ჩაედინა. ჩვენი ერი იმ პრინციპით დაარსდა, რომ ამერიკაში მეფეები არ არსებობენ. კანონზე მაღლა არავინ დგას. ახლა კი პრაქტიკული მიზნისთვის პრეზიდენტს შეუძლია, დაარღვიოს თავისი ფიცი, ჩვენი კანონი და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვეს
მე წარმოვადგენ საკონსტიტუციო ცვლილებას სახელწოდებით – „კანონზე მაღლა არავინ დგას“. ცვლილებით გაუქმდება იმუნიტეტი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ვიზიარებ ჩვენი დამფუძნებელი მამების აზრს. პრეზიდენტი კანონს უნდა დაემორჩილოს. პრეზიდენტი პასუხისმგებელი უნდა იყოს თავის დიდ ძალაუფლებაზე”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.