ხანგრძლივი სახალხო პროტესტის ფონზე პარლამენტის მიერ მიღებულმა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა საკანონმდებლო ორგანოდან მართლმსაჯულების ორგანოში გადაინაცვლა, დამტკიცებიდან თითქმის 2 თვის თავზე. სადავო კანონის გაუქმების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ამჯერად 38 ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით შევიდა. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილს სასამართლოს კეთილსინდისიერების სჯერა, ნაწილი კი მართლმსაჯულების სისტემის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.
ეს უკვე მესამე სარჩელია კანონის წინააღმდეგ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა. ე.წ „გამჭვირვალობის” კანონის უმაღლეს იურიდიულ დოკუმენტთან შეუსაბამობა პირველად ეჭვქვეშ პრეზიდენტმა დააყენა. სალომე ზურაბიშვილის შემდეგ მოსარჩელე მხარე ის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები აღმოჩნდნენ, რომელთა საქმიანობაზეც კანონს პირდაპირი ზეგავლენა აქვს.
ახლა სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა ამასთან მორიგი სარჩელის გაგზავნას გეგმავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც, შესაბამისი კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარია სხვადასხვა ხელმომწერისგან ერთ საქმესთან დაკავშირებულ სარჩელებს იღებს, მმართველი პარტია რიტორიკას არ ცვლის. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ე.წ „გამჭვირვალობის” კანონის წინააღმდეგ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება თუ მომზადებული დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან დაპირისპირებას ნიშნავს.
კანონი, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს საზოგადოების უმრავლესობის ნება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ახლა დეპუტატების ნაცვლად მოსამართლეებმა ხელახლა უნდა განიხილონ.
მათ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე დადებული ფიცის შესაბამისად უნდა დაადგინონ, რამდენად შეესაბამება ეს ე.წ „გამჭვირვალობის” კანონი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალებს კონსტიტუციურ ორგანოებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“