მთავარიაზიაისრაელიისრაელი განიხილავს „ჰეზბოლას" წინააღმდეგ „ახალი ზომების” მიღებას

ისრაელი განიხილავს „ჰეზბოლას” წინააღმდეგ „ახალი ზომების” მიღებას

ისრაელში 29 ივლისს დაკრძალეს 11 წლის იბრაჰიმი, რომელიც გოლანის მაღლობებზე თავდასხმას ემსხვერპლა. გარდაცვლილია კიდევ 11 ბავშვი.

დრუზები ესწრებიან 11 წლის გუევარა იბრაჰიმის დაკრძალვას, რომელიც ერთ-ერთია იმ 12 მოზარდიდან, რომლებიც სარაკეტო თავდასხმას ფეხბურთის მოედანზე ემსხვერპლნენ, მაჯდალ შამსის სოფელი, ისრაელის მიერ ანექსირებული გოლანის მთები, ორშაბათი, 29 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Leo Correa

„ჰეზბოლას” მთავარმა სპიკერმა უარყო ისრაელის ბრალდებები თავდასხმაში დაჯგუფების მონაწილეობის შესახებ.

თუმცა ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ადგილზე აღმოაჩინეს ირანული წარმოების Falaq-1 რაკეტა, რომელსაც „ჰეზბოლა” აქამდეც იყენებდა.

დაპირისპირება ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლასა” და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის ღაზაში კონფლიქტის დაწყების პირველი დღეებიდანვე მიმდინარეობს.

თუმცა კვირას გოლანის მაღლობებზე თავდასხმამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა და გაზარდა საფრთხე, რომ კონფლიქტი შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

ამ მოვლენების ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეაჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი და ისრაელში დაბრუნდა.

ომის კაბინეტის საგანგებო სხდომაზე კი, მას ნებართვა მისცეს „ჰეზბოლას” შესაბამისი პასუხი გასცეს.

ისრაელის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ადგილობრივებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ ისრაელი ემზადება სამხრეთ ლიბანში ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

„ჩვენ საგრძნობლად ვზრდით მზადყოფნას ჩრდილოეთში ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენ პარალელურად ვმოქმედებთ ღაზის სექტორში. მეტი გამოწვევა იქნება და ჩვენ მზადყოფნას გავზრდით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ მკაცრად. რთული დღეა. ჩვენ ვმუშაობთ უკეთესი დღეებისთვის”, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.

„ჰეზბოლა” განიხილება, როგორც „ჰამასზე” ბევრად უფრო ძლიერი სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც ირანი მფარველობს. დასავლური წყაროების შეფასებით, ლიბანის სამხრეთში განლაგებულ ამ დაჯგუფებას აქვს დაახლოებით 150,000 რაკეტა. მათ არსენალში ასევე შედის მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები, რომლითაც „ჰეზბოლას” შეუძლია ისრაელის ტერიტორიის სიღრმეში დაარტყას.

„ჰეზბოლას” ლიდერი ჰასან ნასრალა აშურას დღესასწაულზე მიმართავს ხალხს ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ლიბანი, 24 ოქტომბერი, 2015 წელი Copyright AP Photo/Hassan Ammar

„ჰეზბოლას” ლიდერმა ჰასან ნასრალამ არაერთხელ თქვა, რომ ჯგუფს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელთან, თუმცა სრულ მზადყოფნაშია ასეთი სცენარისთვის.

და თუ ასეთი სცენარი, მართლაც, განვითარდა, შეიძლება ირანის მხარდაჭერილი სხვა სამხედრო დაჯგუფებებიც ჩაერთონ კონფლიქტში და ვითარება ახლო აღმოსავლეთში უკონტროლო გახდეს.

დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე ლიბანში ბეირუტის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერებული, ან საერთოდ გაუქმებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend