მთავარისაქართველო„მეტრო ფროდაქშენი“ კანის ლომებსა და შემოქმედებაზე...

„მეტრო ფროდაქშენი“ კანის ლომებსა და შემოქმედებაზე…

ამ კადრების ნახვისას ალბათ ბევრმა თქვენგანმა გაიფიქრა, რომ ეს კადრები ბევრჯერ უნახავს. მართლაც ასეა, რადგან ეს ნამუშევრები ქართულმა სარეკლამო კომპანია „მეტრო ფროდაქშენმა“ შექმნა და ისინი მუდმივად ჩნდებიან ეკრანზე.

„მეტრო ფროდაქშენმა” წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია და კანის ლომების საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული მოვლენაა ამ ინდუსტრიაში, გრანპრი და კანის ლომების ოქრო მოიპოვა. კანში საქართველოს დროშა კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდ სიმაღლეზე აფრიალდა. ეს „მეტრო ფროდაქშენის'” გუნდის უდიდესი წარმატებაა.

„მეტრო ფროდაქშენის” წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათი გამოცდილების მოსმენა ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ. რამდენიმე დღის წინ ისინი თბილისში „დიზაინის ინსტიტუტში” მიიწვიეს, რათა რეკლამის წარმოებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვედროდნენ. კითხვა უამრავი იყო და სათქმელიც ბევრი… სარეკლამო კომპანიის წარმომადგენლები საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებსა და გამარჯვებაზე, წარმატებულ პროექტებზე, სირთულეებსა და გამოწვევებზე.

„დაახლოებით 8 წელია, რაც ცალკე ფროდაქშენ კომპანია „მეტრო ფროდაქშენი” არსებობს და ძირითადად ვმუშაობთ უცხოურ უდიდეს კამპანიებზე, უდიდეს ბრენდებთან, უდიდეს კინოპროდიუსერებთან, ფილმებთან, სერიალებთან და ეს ცოდნა რაც მივიღეთ, გადმოგვაქვს ქართულ ბაზარზე. ისედაც ძალიან პატარა კომუნა არის ამ სფეროში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. თითქმის ყველა ყველას იცნობს, საქართველო ისე გამოჩნდა ახლა კანის ფესტივალზე, რომ ყველა საქართველოზე საუბრობდა, მის რესურსებსა და შესაძლებლობებზე. გვინდა, რომ უფრო ფართოდ გავაცნოთ ხალხს ეს სფერო, ეს პროფესია ფროდაქშენი, რომელსაც ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს და ძალიან ბევრი საინტერესო პოზიცია არის შიგნით. მგონია, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, უფრო მეტად განვითარდება ეს ყველაფერი. ამასთან, ერთად ამ სფეროს კიდევ სხვა სარგებელი მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ისე ადამიანებისთვის სხვადასხვა სფეროში“, – ამბობს „მეტრო ფროდაქშენის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი პროდიუსერი სანდრო გაბილაია.

„პირველ რიგში ვხვდებით, რომ ერთმანეთს ინფორმაცია გავუზიაროთ, გვინდა კიდევ ერთხელ კარგად გავაცნოთ ის, თუ რა არის ფროდაქშენი, რას ვაკეთებთ ჩვენ და ვთქვათ, იმ 1-წუთიანი ან 15-წამიანი ვიდეორგოლის შემდეგ, რომელსაც უკვე მზა პროდუქტად ყველა ვნახულობთ, რა ნაბიჯები დგას, როგორ მიდიხარ ამ შედეგამდე, რა პროცესების გავლა გიწევს. ეს ყველამ არ იცის, რადგან ცოტა ჩაკეტილი სამზარეულოა, თუ გადასაღებ მოედანზე არ გიწვეს ყოფნა, ან უშუალოდ ამ სფეროში არ ხარ სხვა მიმართულებით, ან კრეატიულ სააგენტოში. ასე შორიდან ამასთან შეხება ძალიან ცოტა ადამიანს აქვს, ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს გაზიარება პირველ რიგში, რომ ყველას შეექმნას წარმოდგენა, რა არის და მართლა აინტერესებს თუ არა, რადგან ყოფილა, რომ მოდიან სტუდენტები, რომლებმაც სულ სხვა წარმოდგენა ჰქონიათ”, – ამბობს „მეტრო ფროდაქშენის“ დამფუძნებელი და ფროდაქშენის ხელმძღვანელი მაია გურაბანიძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სარეკლამო სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები. ისინი კითხვა-პასუხის ფორმატში უსმენდნენ სპიკერებს და მათ პირადად მიიღეს რჩევები დარგის სპეციალისტებისგან.

„მე ვარ ვიდეოგრაფი და დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ამ სფეროთი, მინდოდა, მეტი ინფორმაცია გამეგო ამის შესახებ…“ – ამბობს ვიდეოგრაფი სანდრო შუღლაძე.

„დიდი ხანი არ არის რაც დავინტერესდი ვიდეოწარმოებით და ვეძებდი და ვეძებ გზებს, ამ მიმართულებით რომ მივიღო განათლება და გამოცდილება. „მეტრო” ყოველთვის საერთაშორისო ხარისხის ფროდაქშენს დებს ხოლმე და ძალიან საინტერესოა ამ ნამუშევრების ყურება. შესაბამისად, „დიზაინის ინსტიტუტმა” რომ გამოაცხადა ეს ვორქშოპი, დავინტერესდი და მოვედი“, – ამბობს ფოტოგრაფი ელენე სიდამონიძე.

რა კარგია, რომ მოვედითო – გვიზიარებდნენ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდები თავიანთ სათქმელს. ამბობდნენ, რომ მათაც უნდათ ამ სფეროში მუშაობა და ასეთი შეხვედრები მეტი სჭირდებათ, რომ საკუთარი გზა უფრო იოლად გაიკვლიონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend