პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას აღარ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთი ემხრობა მოქმედი პრეზიდენტის არჩევანს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა ქვეყანაში პოლიტიკური რყევების დრო არ არის.
„ვფიქრობ, რომ ბაიდენმა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, განზე გამდგარიყო და ასპარეზი დაეთმო ვინმე ახალგაზრდისთვის ან უფრო ენერგიულისთვის, რომელიც დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება. როცა გავიგე, რომ ის საარჩევნო კამპანიას წყვეტდა, ცოტა შევწუხდი, რადგან მიმაჩნია, რომ ის კარგი ლიდერია. თუმცა ამავე დროს, ვეთანხმები იმას, რომ იგი ამჯერად სხვამ უნდა ჩაანაცვლოს“, – ამბობს ერიკ ბოილანი, აშშ-ის მოქალაქე.
„ეს ნაბიჯი არ გამკვირვებია. მიმაჩნია, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობისთვის სათანადო ფორმაში არ არის. ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ახლა მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ დემოკრატები უკეთეს კანდიდატს წარმოადგენენ“, – ამბობს აშშ-ის მოქალაქე ჯერარდო სედენო.
თავად პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ დემოკრატიული პარტიის კანდიდატად სწორედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის არჩევას უჭერს მხარს. ამომრჩეველთა ნაწილი კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას ემხრობა, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ დემოკრატებმა სხვა კანდიდატებიც უნდა განიხილონ.
„ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. მიმაჩნია, რომ კარგი გადაწყვეტილებაა, რაღაც რომ იცვლება. მესმის, რომ ბევრი პრეზიდენტ ბაიდენს მხარს არ უჭერდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად მემარცხენე და სრულად დემოკრატიული კანდიდატი იყო. ასევე მეეჭვება, რომ ბევრი ამერიკელი იყოს კამალა ჰარისის მომხრე, თუმცა ამ მომენტისთვის ის საუკეთესო ვარიანტია”, – ამბობს ჯიმი ბონილა, ამერიკელი ამომრჩეველი.
შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიცე-პრეზიდენტს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა ამომრჩეველს მისი სამომავლო პოლიტიკის შესახებ უფრო მეტის გაგება სურს.
„მას თეთრ სახლში მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. იყო ბაიდენის პოლიტიკის ნაწილი. ვფიქრობ, რომ მისთვის ესტაფეტის გადაცემას აზრი აქვს. ეს კი უზრუნველყოფს იმას, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში დაწყებული პროგრამები და პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – ამბობს ლარი ქსი.