სამხრეთ გერმანიის ვისბადენის დასახლება, რომელიც განთქმულია ცხელი ბუნებრივი წყლებითა და სპაცენტრებით, ნატოს ერთგვარი შტაბ-ბინა გახდება უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების საკითხებში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებით, ამერიკის სამხედრო ბაზაზე მოეწყობა სამეთაურო პუნქტი, სადაც ასევე ორგანიზება გაეწევა წვრთნებსა და უკრაინისთვის გადასაცემ აღჭურვილობას. უკრაინის პარლამენტის წევრი სვიატოსლავ იარუში ზელენსკის პარტიიდან, რომელიც ასევე სამხედროთა რიგებშია და ბრძოლებშია ჩართული, აცხადებს, რომ ასეთი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ისინი აუცილებლად უნდა შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს და გამოყენებული აქვთ ეს საბრძოლო მასალა, რათა ავარჯიშონ და მათაც ასწავლონ. იარუში თავად იცნობს ხალხს, მაგალითად, თავის თანამებრძოლებს, რომლებმაც გაიარეს ძირითადი მომზადება ნატოს სხვადასხვა ქვეყანაში და რომელთათვისაც ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო იყო.
ნატოს სამეთაურო ცენტრი გერმანიაში კიდევ უფრო მეტად გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას, ისე, რომ ალიანსი არ გახდება კონფლიქტის მონაწილე მხარე.
მიუნხენის უსაფრთხოების საბჭოს მკვლევარი ლეონარდ შიუტე ამბობს, რომ ცენტრი უფრო მეტად განამტკიცებს ნატოს უკრაინისადმი მხარდაჭერას, თუმცა, დასძინა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრების საკითხი შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
ნატოს სამიტის დროს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გერმანიაში შორი მანძილის სარაკეტო სისტემებს განათავსებს.
რუსული მხარე იმუქრება, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატი სებასტიან შეფერი, რომელიც პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის წევრიცაა, ამბობს, რომ გერმანიამ ისევ უნდა დაიწყოს სასწრაფო შეიარაღების პროცესი, რადგან ეს 21-ე საუკუნის რეალობაა, მართალია, უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი. მისი თქმით, უფრო გონივრული იქნებოდა, ამ პლანეტაზე ერთად მშვიდობიანად ეცხოვრათ. თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამიტომ გერმანია უნდა მოემზადოს ყველაფრისთვის.
უკრაინელები აცხადებენ, რომ, ნატოს მხარდაჭერის მიუხედავად, ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია.
სვიატოსლავ იარუშის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მიიღო ყველა სახის მხარდაჭერა, ეს საკმარისი არ არის ომის იმ მანქანასთან გასამკლავებლად, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინელების წინააღმდეგ მომართავს.