მთავარისაქართველოდემოგრაფიული რეგრესი ეკონომიკური გამოწვევების თანხლებით

დემოგრაფიული რეგრესი ეკონომიკური გამოწვევების თანხლებით

დემოგრაფიული პრობლემის პირისპირაა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ კონტინენტად მიჩნეული ევროპის აღმოსავლეთი ნაწილიც, საიდანაც, უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და სტაბილური ეკონომიკის ძიებაში, მილიონობით მოქალაქე დასავლეთისკენ მიისწრაფვის.

„დასავლეთ ევროპაში უფრო მძიმეა ვითარება, დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა იქ ეს ემიგრაციის ხარჯზე კომპენსირდება. უცხოური მოსახლეობა არა ჰუმანური მიზნებით, არამედ დემოგრაფიის გადარჩენის მიზნით დაუშვეს. 70-იან წლებში ეს ბურჟუაზიის გადაწყვეტილება იყო, რადგან მიხვდნენ, რომ შრომითი რესურსების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან. აღმოსავლეთ ევროპა ახლა იმ პრობლემების წინაშე დადგა, რის წინაშეც, 20-30 წლის წინ, დასავლეთ ევროპა იდგა. სახელმწიფოებმა აუცილებლად უნდა აწარმოონ ძალიან მკაცრი და ფორსირებული პოლიტიკა, დემოგრაფიული პრობლემის გაუმჯობესების მხრივ“, – აცხადებს ეკონომისტი, ბადრი რამიშვილი.

მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით, „გაეროს მოსახლეობის ფონდი“ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შობადობის მაჩვენებლები დაბალია. ამასთანავე, ეკონომიკური ზემოქმედების ფონზე, რეგიონში მოსახლეობის დაბერებისა და მკვეთრი შემცირების ტენდენცია იკვეთება. „გაეროს მოსახლეობის ფონდს“ არ მიაჩნია, რომ შობადობის მაჩვენებელი წამახალისებელი სოციალური პაკეტებით გაუმჯობესდება და აღნიშნავს, რომ ეს საკითხს არათუ გადაწყვეტს, არამედ სახელმწიფოებს დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს მოუტანს.

„მტკიცებულებები, რომლებიც ხელთ გვაქვს, საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ფინანსური წახალისება, როგორიცაა მხოლოდ საგადასახადო ან ფულადი შეღავათები, ძირითადად არაეფექტურია. მათ შეიძლება მოჰყვეს შობადობის მაჩვენებლების მოკლევადიანი რყევები, მაგრამ, როგორც წესი, არ იწვევს ერთი ქალის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჩენილი ბავშვების რაოდენობის ზრდას. ფინანსურ წახალისებას ასევე, შესაძლოა, ძვირადღირებული შედეგებიც ახლდეს, რადგან მათ შეიძლება, მოჰყვეს ქალების გაძევება სამუშაო ძალიდან და სიღარიბის გახანგრძლივება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობებმა ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიონ ოჯახებს. თუმცა, ეს მოტივირებული უნდა იყოს ხალხის მხარდაჭერით, რათა მათ ჰყავდეთ ბავშვების ის რაოდენობა, რაც მათ სურთ, და ეს უნდა მოხდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული უარყოფითი სოციალური შედეგები“, – აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი, ფლორენს ბაუერი.

დემოგრაფიულად უარყოფითი დინამიკის მქონე სახელმწიფოთა სიაში საქართველოცაა. საერთო ჯამში, შემცირების ტენდენციისკენ გადახრილი ქვეყნების ჩამონათვალი, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა ან სოციალისტური ბანაკის რესპუბლიკებისგან შედგება, სადაც 34-ე წელია, ეკონომიკური პარამეტრები ძირითადად ვერ დაბალანსდა.

სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ეკონომიკურ ზრდაზე საუბრის მიუხედავად, ციფრებსა და დიაგრამებს მიღმა არსებული რეალური სურათი მკვეთრადაა განსხვავებული. მონაცემების სიზუსტეს „საქსტატი“ ადასტურებს, რომელიც სტატისტიკაში შრომისუნარიანი მოსახლეობის მასობრივ გადინებაზე მიუთითებს.

„გრძელვადიან პერიოდში, 2012-2023 წლებში, ქვეყანა, დაახლოებით, 316 000-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. ერთი შეხედვით, თანამედროვე მსოფლიოსთვის მიგრაცია ბუნებრივი პროცესია, თუმცა საქართველოს მსგავსი მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის, საკითხი მას განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს. მათ შორისაა, მაგალითად, მოსახლეობის შემცირება, სამუშაო ძალის შემცირება, შობადობის კლება, მოსახლეობის დაბერება. ამიტომაცაა, რომ ასე მტკივნეულად ვრეაგირებთ მიგრაციის ამგვარ უარყოფით მაჩვენებლებზე“, – ამბობს ანალიტიკოსი, თეონა აბსანძე.

გაეროს მონაცემებით, თუ მიგრაციისაა და კლების ტენდენცია კვლავ გაგრძელდა, 2100 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონ 400 000 ადამიანამდე შემცირდება, თუმცა ამ რიცხვს მიღმა უცნობია, რამდენი მათგანი იქნება შრომისუნარიანი და სახელმწიფოს ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend