მას შემდეგ, რაც პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“, გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი, ულტრამემარჯვენეთა მოწინააღმდეგეები, სხვა მსხვილი ქალაქების გარდა, პარიზის ცენტრშიც შეიკრიბნენ.
ფრანგული ქალაქების ქუჩებში დაძაბულობის პარალელურად მარინ ლე პენი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და საფრანგეთის მოსახლეობას პირველ ტურში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ჟორდან ბარდელამ მათ განმეორებით კენჭისყრაზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო თანამემამულენო, დემოკრატიამ თქვა თავისი სათქმელი და ფრანგმა ხალხმა, ეროვნულმა გაერთიანებამ მოკავშირეებთან ერთად, ფაქტობრივად, გაანადგურა მაკრონის ბლოკი. როგორც პოლიტიკურ ლიდერს, პირველ რიგში, მე მივესალმები ასეთ მაღალ აქტივობას, რომელმაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შინაარსი შესძინა დღევანდელ შედეგებს. არაორაზროვანი კენჭისყრით, შვიდწლიანი დამანგრეველი მმართველობის შემდეგ ფრანგმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა ახალი გვერდის გადაშლის მზაობა. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს და მივესალმებით ამ შედეგს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს თქვენ წინაშე“, – მხარდაჭერებთან შეხვედრისას განაცხადა მარინ ლე პენმა.
„დღეს ყველა ფრანგს, ვისაც სურს, უშველოს ჩვენს ქვეყანას, მოვუწოდებ შემოგვიერთდეს და გაგვაძლიეროს, რათა ეროვნულმა გაერთიანებამ გაიმარჯვოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, რომ დაგვყოს, დააზიანოს საზოგადოება და უგულებელყოს ჩვენი ღირებულებები”, – არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა ჯორდან ბარდელამ, „ეროვნული გაერთიანების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
ლე პენისა და ბარდელასგან განსხვავებით ოპტიმიზმის მიზეზი არ აქვს მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც ახლა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშეა. პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალიმ, მოსახლეობას მოუწოდა, მეორე ტურისთვის მაქსიმალურად მობილიზდნენ და არ დაუშვან მემარჯვენე ძალების უმრავლესობაში მოსვლა.
„ამ ვითარებაში ეროვნულ გაერთიანებას ხმა არავინ უნდა მისცეს. ეს არის ის, რაზეც არ უნდა დავეჭვდეთ. თუ გვინდა, რომ საფრანგეთის მომავალი დავიცვათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაზე ცუდი შედეგი თავიდან ავიცილოთ, ეს ყველა ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.
30 ივნისის საარჩევნო შედეგების შემდეგ მემარცხენე ლიდერებმა ფიქრი დაიწყეს სტრატეგიის შემუშავებაზე. ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ მისი კენჭისყრიდან პარტია მოხსნის მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს და ხმებს ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ მიმართავს. მსგავსი ტაქტიკა აქვს მაკრონსაც, რომელსაც ექსპერტები ურჩევენ, მეორე ტურისთვის საარჩევნო პროცესებს ჩამოშორდეს.
„ნებისმიერ ვითარებაში, სადაც და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი გეგმები მარტივი, პირდაპირი და ნათელია. არც ერთი ზედმეტი ხმა და ზედმეტი ადგილი „ეროვნულ გაერთიანებას“. წინ ჩვენ გრძელი კვირა გვაქვს. თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისა და თითოეული ჩვენგანის ბედისთვის“, – განაცხადა მემარცხენე პარტიის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონიმ პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ემანუელ მაკრონმა ივნისის დასაწყისში, ევროპარლამენტში ცენტრისტული კოალიციის მიერ ხმების 15%-ზე ნაკლების მოპოვების შემდეგ დანიშნა. ანალიტიკოსთა უმრავლესობამ ეს მაკრონის რისკიან ნაბიჯად მიიჩნია, რომელმაც გამოკითხვის შედეგების მიხედვით არ გაამართლა. ამ პოზიციას ფრანგი ამომრჩევლის ნაწილიც იზიარებს. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
ისტორიკოსისა და პოლიტიკის საკითხებში ექსპერტის, პატრიკ უაილის, შეფასებით, მაკრონისგან განსხვავებით ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმა წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო კამპანია ჩაატარეს.
„ჯორდან ბარდელა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მსგავსად ახალგაზრდაა. პრეზიდენტად არჩევისას, ემანუელ მაკრონსაც არ ჰქონდა მართვის არანაირი გამოცდილება. გარდა იმისა, რომ ბარდელა ლე პენის მოძრაობის მხარდაჭერით სარგებლობს, ის ახალ ამომრჩეველსაც იზიდავს იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც მას ტიკტოკზე მისდევს. ამ ფორმით, მან კომუნიკაციის მხრივ, სერიოზული კამპანია წარმართა“, – განაცხადა უაილმა.
ლე პენის „ნაციონალური გაერთიანების“ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, 28 წლის ჯორდან ბარდელა გახდეს. მისი საგარეო ხედვა ემანუელ მაკრონისგან განსხვავდება, მათ შორის, უკრაინის საკითხისადმი. ბარდელა არ ემხრობა ომში მყოფ ქვეყანაში ფრანგი სამხედროებისა და გრძელი რადიუსის რაკეტების გაგზავნას, თუმცა რადგან საფრანგეთში საპრეზიდენტო სისტემაა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა დიდწილად მაინც მაკრონის ხელში აღმოჩნდება.
საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 289 მანდატის მიღებაა საჭირო. კვლევითი ორგანიზაცია „იპსოსის“ ვარაუდით, „ეროვნული გაერთიანება“ 230-იდან 280-ამდე მანდატს აიღებს და უმრავლესობის ფორმირებისთვის ლე პენს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა მოუწევს. თუმცა უმრავლესობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების შემთხვევაში საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ულტრამემარჯვენე ხელისუფლება ეყოლება.
ვადამდელი არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება, სადაც პირველი კენჭისყრის შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.