პარლამენტის 27 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს კანონთა პაკეტი “ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ”. ამ ინიციატივასაც 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომაზე კენჭისყრას წინ უძღოდა საკომიტეტო მოსმენა, სადაც კანონის პაკეტთა ავტორებმა საწინააღმდეგო პოზიციები მოისმინეს, თუმცა არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო მოწოდებები ამ კანონის არ მიღების შესახებ, კენჭისყრისას არ გაითვალისწინეს.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი.
უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიციირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.