დღეს, 25 ივნისს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად ორი ქვეყნის დელეგაციებთან სამთავრობათაშორისო კონფერენცია არის დაგეგმილი.
მთავრობათაშორის კონფერენციებზე ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას წარუდგენს მოლაპარაკებების ზოგად ჩარჩოს, რომელიც ამ პროცესის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
„2 წლის, 3 თვისა და 2 დღის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. 2 წლისა და 3 დღის წინ ევროკომისიამ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. დღეს კი ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ გაწევრების მოლაპარაკებებს. ეს ისტორიული დღეა. ისტორიული მომენტი უკრაინისა და ევროპისთვის. ჩვენი ერისთვის, ევროკავშირი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური სივრცე, ეს არის ღირებულებებისა და იმედის სიმბოლო. უკრაინის საუკეთესო შვილებმა შესწირეს სიცოცხლე დამოუკიდებელი ევროპული უკრაინისთვის ბრძოლას. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ქედს ვიხრი უკრაინის სამხედროების წინაშე, რადგან მათ ეს დღე შესაძლებელი გახადეს. მათ შესაძლებელი გახადეს მოლაპარაკებების პროცესის დაწყება, რომელიც საბოლოოდ ჩვენი გაწევრებით დასრულდება. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. სრულად გვესმის, რომ ჯერ ბევრი სამუშაოა გაწევრების გზაზე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ”, – განაცხადა დენის შმიგალმა.
Today is a historic day as we proceed to actual, real negotiations with the European Union on Ukraine’s membership. On February 28, 2022, just a few days after the full-scale invasion began, we signed the application for membership.
Almost two years ago, in June 2022, we… pic.twitter.com/nHMQwR1acB
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 25, 2024
კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან განცხადება გააკეთა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლჰა სტეფანიშინამ. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირი ასრულებს მის მიერ დადებულ ერთ-ერთ პირობას უკრაინის მიმართ.
„ეს ჩემი ქვეყნისთვის ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის მქონე მომენტია. ამ გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანებულია მთელი ერი. ეს არის ნამდვილად მყარი წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრების გზაზე, არამედ უკრაინის განვითარებისთვისაც. სულ რაღაც 2 წლის წინ, 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირმა განაცხადა, რომ იქნება უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ამის საჭიროება დგას. ახლა კი ევროკავშირი დადებულ პირობას ასრულებს… უკრაინა სრულმასშტაბიანი ომის ფონზე იწყებს გაწევრების მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას“, – განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლჰა სტეფანიშინამ გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის კონფერენციის დაწყებამდე.
უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„კარგი ამბავია, რომ დღეს ევროკავშირი ხსნის გაწევრების მოლაპარაკებებს უკრაინასა და მოლდოვასთან. ჩვენ ვდგავართ ამ ორი ქვეყნისა და ჩვენი კავშირისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტის ზღურბლზე. ჩვენ ვზეიმობთ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც გვაერთიანებს. ევროკავშირი ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი. ეს არის მშვიდობისკენ, უსაფრთხოებისკენ, დემოკრატიასა და კეთილდღეობისკენ ჩვენი კოლექტიური მისწრაფების დასტური. უკრაინელმა და მოლდოველმა ხალხებმა აჩვენეს ურყევი ერთგულება და მონდომება – გახდენენ ამ პროექტის ნაწილი. ომისა და არეულობის დროსაც კი, მათ დაიწყეს მასშტაბური რეფორმები. მათ იციან, რომ ეს გზა რთული და მომთხოვნი იქნება. გაწევრების მოლაპარაკებები იმისთვისაა შექმნილი, რომ კანდიდატები წევრობის პასუხისმგებლობების შესასრულებლად მოამზადოს. ამიტომ, არ არსებობს მოკლე გზა. ჩვენ ღიაობის, ჩართულობისა და თავდადების ძლიერი სულისკვეთებით ვიწყებთ ამ მოლაპარაკებებს. უკრაინისა და მოლდოვისთვის, ისევე როგორც მთელი კავშირისთვის, ეს გზა გამოწვევებით იქნება სავსე, მაგრამ ასევე დიდი შესაძლებლობებითაც… ერთად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უფრო დიდი, უფრო დინამიკური და უფრო პერსპექტიული ევროპა. გისურვებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებულ დაწყებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მოლაპარაკებებზე მწვანე შუქის ანთება არ ნიშნავს უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას. ეს, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში მოხდება, ხოლო თვითონ მოლაპარაკებების პროცესი თეორიულად, შესაძლოა, წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
Today, Moldova and Ukraine officially start EU accession negotiations. Our future is within the European family.
We are deeply grateful for the unwavering support from @vonderleyen, @CharlesMichel, @EP_President Metsola, and the @EU2024BE.
We are stronger together.
— Maia Sandu (@sandumaiamd) June 25, 2024
კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ საკუთარი კანონმდებლობა 35 სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება და სხვა.
აუცილებელია ევროკავშირის წევრი 27-ივე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა თითო სფეროს მიმართულებით თანხვედრის შეფასების დროს. რაც ნიშნავს, რომ არაერთ ეტაპზე შეიძლება შეყოვნდეს, ან გაიწელოს მოლაპარაკებების პროცესი.
უკრაინა და მოლდოვა არ არიან ერთადერთი ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირის 2030 წლისთვის მოსალოდნელ გაფართოების ტალღაში სურთ მოხვედრა. ისინი წინ უძღვებიან ბლოკში გაწევრიანების იმედის მქონე ქვეყნების საკმაოდ გრძელ რიგს. ამ რიგში დგანან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და საქართველო. ბევრ მათგანს ევროპული მისწრაფების მრავალწლიანი ისტორია აერთიანებს.
იმისათვის, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დროულად შეძლონ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულება, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ არაერთი ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმის გატარება. გაწევრების გარანტია ამ ეტაპზე არ არსებობს. უკრაინის შემთხვევაში კი აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს რუსეთთან მშვიდობის დამყარება.