საქართველოში მოგზაურობის სამახსოვროდ ტურისტებს შინ სხვადასხვაგვარი სუვენირი მიაქვთ. არჩევანი მრავალფეროვანია და რთული არ არის შეარჩიო ისეთი ნივთი, რომელიც სასიამოვნო მოგზაურობას მოგაგონებს.
„მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვარ. ვეძებ სუვენირს, რომელიც საქართველოს უკავშირდება და რომლის მსგავსსაც შტატებში ვერ შევხვდები”.
„ისტორიასთან დაკავშირებულ ნივთს შევიძენდი. მაგალითად, ნივთს, რომელიც ქალაქს წარმოაჩენს. ისეთ სუვენირს წავიღებდი თან, რომელიც აქ ყოფნას გამახსენებდა”.
„საყურეებს, ბეჭდებსა და მსგავს სამკაულებს ვეძებთ”.
„რაღაც უნიკალურს ვეძებ. უპირატესობას ხელნაკეთ ნივთებს ვანიჭებ. ახლახან აქ ადგილობრივი ქალის ნახატი შევიძინე“.
„ერთი დღეა, რაც აქ ჩამოვედი. ჯერ არ ვიცი, რას წავიღებ თან. ქართული კერძები მაინტერესებს. ჭაჭაც მომეწონა. თუ კარგ ჭაჭას ვიპოვი, ალბათ, თანაც წავიღებ”, – ამბობენ ტურისტები.
სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს. მიზანი კულტურულ და ბუნებრივ რესურსებზე დაყრდნობით სუვენირებში გამოსაყენებელი ძირითადი სიმბოლიკის იდენტიფიცირება და ამგვარად ხარისხიანი სასუვენირე და ხელნაკეთი ნივთების განვითარების ხელშეწყობაა.
„შესაბამის საექსპერტო ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიან მონათესავე სახელმწიფო უწყებები, ასოციაციები და დარგის ექსპერტები, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, პირველ ეტაპზე, უნდა განსაზღვროს ქართული სუვენირის სიმბოლიკა. ჯგუფი რვა მიმართულებით მუშაობს. სიმბოლიკის განსაზღვრის შემდეგი ეტაპი იქნება ვიზუალებსა და ბრენდზე მუშაობა და პროდუქტად ჩამოყალიბება. ვფიქრობთ, რომ პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება და საკმაოდ წარმატებული იქნება”, – ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
პროექტში მონაწილეობას სხვა ასოციაციებთან, სახელმწიფო უწყებებსა და დარგის ექსპერტებთან ერთად საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციაც მიიღებს. მათ ერთგვარი გაიდლაინი უნდა შექმნან იმ კომპანიებისა თუ პირებისთვის, რომლებიც ქართულ დამწერლობას ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად იყენებენ. ასოციაციაში ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში შექმნიან სიმბოლოებს, რომლებიც ქართული დამწერლობის მრავალ სახეობას სათანადოდ წარმოაჩენს.
„ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიზანი არის ის, რომ შევქმნათ სიმბოლოების ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქართული დამწერლობა ტურისტულ სექტორში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი, ყოველგვარი შეცდომისა და არასწორი ვიზუალის გარეშე. სამწუხაროდ, ტურისტულ სექტორში არსებობს გარკვეული სასუვენირე ხაზი, რომელიც ქართულ ანბანს არც ისე მაღალი ხარისხითა და ნაკლებად საინტერესო ვიზუალით წარმოაჩენს ხოლმე. კალიგრაფთა ასოციაცია შექმნის ქართული დამწერლობის საინტერესო, მაღალი ხარისხისა და ისტორიულად სწორ გამოსახულებებს, რომლებსაც შემდგომ ტურისტულ სექტორში გამოიყენებენ”, – ამბობს დავით მაისურაძე, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე დავით მაისურაძე.
პროექტზე მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში მიმდინარეობს. პირველი ეტაპი დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად სიმბოლოების დასაბუთებული იდენტიფიცირებაა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ახალი პროექტი საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ეფექტურად პოზიციონირებას შეუწყობს ხელს.