საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გეგმური ვიზიტით კლინიკა „ვივამედში” იმყოფებოდა. სამედიცინო დაწესებულებაში მან მსჯავრდებული პაციენტები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საჭიროებებს გაეცნო. ომბუდსმენმა ასევე მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ლევან იოსელიანმა ვიზიტის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე მისი წინა ვიზიტისას. სახალხო დამცველმა ისიც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ვივამედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდადებული და ბრალდებული მოვინახულე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი. რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და მასაც ვესაუბრე. მინიმუმ, წელიწადში ერთხელ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მივდივარ და თავად ვნახულობ მსჯავრდადებულებს, შესაბამისად, ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი და არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა.
მოკლე შეხვედრა იყო, ძირითადად მადლობა გადაგვიხდა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებდით მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდიდით ამის შესახებ ინფორმაციას. ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც არის გასაკეთებელი არა მხოლოდ მის მიმართ, ყველას მიმართ აუცილებლად გავაკეთებთ. რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, მათ შორის არც ექიმების მიმართ. სხვა პატიმრებს, ვისაც ვესაუბრე, მათ არაფერი კრიტიკული არ გამოუთქვამთ, მაგრამ თვითონ პროცესი პატიმრების სამკურნალო დაწესებულებაში დროულად გადაყვანის, ანგარიშშიც ვწერთ, რომ ხშირად დროში იწელება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.