სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და შანსებზე ისაუბრა. დიპლომატმა თქვა, რომ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხი ფაქტობრივად გაყინულია. ეს განმარტება მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სადავო კანონის მიღების შემდეგ ევროინტეგრაციის შანსები 0-იდან 30%-ამდე გაიზარდა. პაველ ჰერჩინსკიმ ასევე განმარტა, რომ მომდევნო კვირაში გაწევრების მოლაპარაკებები იხსნება უკრაინასა და მოლდოვასთან, ხოლო საქართველოსთან არა.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა. მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებს განიხილავს. ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და ჩვენ გადავწყვეტთ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებულ ამ მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ როგორც ამას მე ვხედავ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა.
ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს დონეზე 27 ივნისს უნდა მიიღონ, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომელიც ყველაზე მაღალი დონეა ევროკავშირში. მინდა დავამატო, ეს ხდება მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. ასე რომ, ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, უკრაინასა და მოლდოვასთან ჩვენ წინ მივიწევთ. ყველაფერი კვლავ საქართველოზეა დამოკიდებული. მათ შორის ისიც, თუ რომელ ქვეყანას დაუახლოვდება და რომელ სახელმწიფოსთან რა სახის ურთიერთობა ექნება”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან.