21 ივნისს სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართება მოსმენა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, სადაც მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ინიციატივა დემოკრატიული ძალების პლატფორმამ დააყენა. ბოლო თვეების განმავლობაში ერევანსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან დაძაბულია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ მისი ქვეყანა მალე დატოვებს რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას. მიმდინარე წლის მარტში კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დაადასტურა, რომ სომხეთი განიხილავს განაცხადის შეტანას ევროკავშირში გაწევრების თაობაზე.
13 მარტს კი, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სომხეთისა და ევროკავშირის დაახლოების რეზოლუციას, სადაც საუბარი იყო, რომ სომხეთს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.