სტიქიური უბედურებები და ექსტრემალური ამინდი სულ უფრო ხშირად შეაწუხებს კაცობრიობას და ნორმად იქცევა – გვაფრთხილებენ მეცნიერები. და რადგანაც, მეცნიერების დიდი ნაწილი თვლის, რომ კლიმატის ცვლილებას ხელი ძირითადად ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში სათბურის აირების ჭარბად გაფრქვევამ შეუწყო, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ცდილობს ეკონომიკის მწვანე, უფრო ეკოლოგიურ პლატფორმაზე გადაყვანას. ამას კი უზარმაზარი ფინანსური რესურსი სჭირდება. „ევრონიუს ჯორჯია“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად უწყობს საქართველო და ქართული ეკონომიკა ფეხს საერთაშორისო ტენდენციებს.
მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენცია, რომელიც კლიმატის სისტემაში ადამიანის უხეში ჩარევის შედეგების აღმოფხვრასა და მდგრადი მომავლის შექმნას ემსახურება, მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს ეკოსისტემას, შეეგუოს კლიმატის ცვლილებასა და არსებული ეკონომიკური სისტემის უფრო მდგრადი მოდელით ჩანაცვლებას, რადგან კლიმატის შეუქცევადი ცვლილება, რომელსაც ხელი ატმოსფეროში სათბური აირების ჭარბად გაფრქვევამ შეუწყო, ძირითადად ანთროპოგენური ფაქტორის დამსახურებაა და ბუნება საკუთარი ძალებით ამ ფაქტორს ვერ მოერევა.
„ადამიანის გარეშე კლიმატის ცვლილებას ამხელა მასშტაბი არ ექნებოდა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისია“ ტექნიკური დირექტორი მარინა შვანგირაძე. „ეს 150 წელი სახელდება იმიტომ, რომ ამ დროის განმავლობაში უკვე მოსახლეობამ ძალიან იმატა და მრეწველობაც გაიზარდა. მანამდე რამდენჯერმე იყო, მაგრამ ძველად, მრეწველობამდე, რომ აიწეოდა ტემპერატურა მერე თვითონ ჩადიოდა გამყინვარებამდე, მაგრამ ეს აღარ მოხდებაო, მეცნიერები გვეუბნებიან, აღარ შებრუნდება პროცესი, იმიტომ, რომ ჩვენ ვამატებთ… ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ პროცესებს ვერ დავიჭერთ, ჩვენ არ ვაძლევთ ამის საშუალებას, იმდენ ემისიას ვუშვებთ ატმოსფეროში“.
სწორედ ამიტომ, 2015 წელს პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა შეხვედრის დროს მხარეები, მათ შორის საქართველოც, შეთანხმდნენ, რომ საერთო მიზნად ისახავენ საუკუნის ბოლომდე გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2° C-ამდე შეზღუდვას, ხოლო დამატებითი ძალისხმევის შემთხვევაში 1.5° C-ამდე შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით. ამ მიზნის მისაღწევად კი 2050 წლამდე საერთაშორისო საზოგადოებამ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიაღწიოს ე.წ. ნულოვან იგივე ნახშრიბადნეიტრალურ დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რა რაოდენობის ნახშირორჟანგსაც აფრქვევს ატმოსფეროში, იმავე მოცულობის მშთანთქავი სისტემა უნდა განავითაროს.
„ნახშირორჟანგის ნულოვანი ემისია არ არსებობს. საუბრის დროსაც კი იფრქვევა ეს აირი“, – განმარტავს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნინო თხილავა. „უბრალოდ კარბონნეიტრალურობა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა რამდენ ტონა ემისიასაც აფრქვევს, ზუსტად იმდენივე შთამნთქმელი ჰყავს განვითარებული. ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ ტყის რესურსებითა და ჩვენს შემთხვევაში შთამნთქმელი არის ტყე“.
პარიზის შეთანხმების მონაწილე ყველა ქვეყანას პირველად დაეკისრა ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების ვალდებულება, რაც გაეროს კლიმატის კონვენციის მიხედვით მხოლოდ მავნე სათბური აირების გაფრქვევაზე ისტორიული პასუხისმგებლობის მქონე განვითარებულ ქვეყნებს ეკისრებოდათ. საქართველოსთვის, რომლის ინდუსტრიაც ყოველთვის მცირე იყო და კლიმატის ცვლილებაზე ისტორიული პასუხისმგებლობა არ ეკისრება, საბაზისო შესადარებელ წლად 1990 წელი აიღეს, როდესაც ქვეყანას შედარებით მაღალი ემისიები ჰქონდა. ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის საბაზისო წელთან შედარებით სათბურ ემისიებს 35 პროცენტით შეამცირებს. თუმცა ქვეყნის გაცხადებული დასავლური კურსი უფრო ამბიციურ გეგმებს მოითხოვს.
„ახლა კანდიდატი ქვეყანა ვართ, ახალი სტატუსი გვაქვს, შესაბამისად მინიმალურ ვალდებულებებზე აღარ ვჩერდებით. უკვე მათთან და კიდევ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მოლაპარაკებებით (რომლის მხარე და წევრიც ვართ) უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს შემუშავებული. გარკვეული ევრორეგულაციები, რომლებიც ახლახან მიიღეს თვითონ, 2023 წელს მიიღეს, მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც აწესებს ამ ნახშირბადის საზღვრის კორექტირებას – ამას ჩვენ განვიხილავთ მომავალში. თვითონაც საცდელ პერიოდში არიან ახლა 2026 წლის პირველ იანვრამდე და ჩვენც უკვე ამაზე დავიწყეთ საუბარი მათთან“.
ახალი ევრორეგულაცია CBAM, რომელიც ნახშირბადის შემცირების საზღვრების გაფართოებას ემსახურება და მოკლედ ნახშირბადის გადასახადს უწოდებენ, გასული წლის ბოლოს საცდელ რეჟიმში ამოქმედდა და ძალაში 2026 წელს შევა. ეს არის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირში შესულ იმპორტიორებს წინასწარ სთხოვს ინფორმაციას, თუ რა პოლიტიკა აქვს მწარმოებელ ქვეყანას ემისიების შემცირების კუთხით. ეს მექანიზმი ჯერჯერობით ეხება რამდენიმე პროდუქტს, მათ შორის, ფოლადს, ალუმინს, ცემენტს, ელექტროენერგიას, სასუქებსა და წყალბადს, თუმცა საცდელ ეტაპზე დაკვირვების შემდეგ გაირკვევა, კიდევ რა პროდუქტის დამატება ან გამოკლება იქნება უპრიანი. ამ გზით ევროკავშირი ცდილობს, უზრუნველყოს საკუთარი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა, რადგან ევროპულ ბიზნესს საკმაოდ გაეზარდა ხარჯი მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ეკოლოგიურ ეკონომიკაზე გადასვლის ამბიციური მიზანი დაისახა და განაცხადა, რომ 2030 წლისთვის სათბური აირების სულ მცირე 55 პროცენტით შემცირებას აპირებს.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ქართულმა ბიზნესმა ფეხი უნდა აუწყოს საერთაშორისო ტრენდს, თუკი სურს კონკურენტუნარიანი იყოს, რადგან კლიმატის ცვლილება ისეთი რთული ფენომენია, რომ ქვეყნებს საერთაშორისო ვალდებულებები ამ მიმართულებით სულ უფრო უმკაცრდებათ და ბიზნესი ამისთვის მზად უნდა იყოს.
ეკა მიქაძე, აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი თანამშრომელი თვლის, რომ ბიზნესი უნდა იყოს ამით დაინტერესებული, რადგან ეს კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს. „იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანას გარკვეული ვალდებულებები აქვს და ყველა ბიზნესი გარკვეულწილად უნდა გარდაიქმნას, შენ თუ არ აყვები ამ დინებას, უკვე არც ეროვნულ და არც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი არ იქნები… ევროკავშირს მიღებული აქვს უკვე გარკვეული ტიპის მექანიზმი იმისთვის, რომ გაზარდოს თავისი კომპანიების კონკურენტუნარიანობა იმიტომ, რომ თვითონ უკვე ძალიან ბევრი ვალდებულება დაუწესა კომპანიებს და ამით მათი პროდუქციის გაყიდვას სურს ხელი შეუწყოს. იმიტომ, რომ მათი პროდუქცია უფრო ძვირი გამოდის სავარაუდოდ, იმდენად დიდი ინვესტიციების ჩადება მოუწიათ ამ გადაიარაღებაში…ასეთი ტიპის მექანიზმები ზოგადად მოსალოდნელია, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანამ მეტ-ნაკლებად დაიცვას თავისი თავი და ეკონომიკა ამ ყველაფრისგან“.
ბიზნესის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ცოტა მეტად უნდა წააშველოს ხელი ბიზნესს, მწვანე პლატფორმაზე გადასვლა რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს, რადგან თუ ბიზნესი ზარალზე გავა, ეკონომიკა გაჩერდება.
ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ქართულ ბიზნესს კლიმატის ცვლილებაში ევროპულზე ნაკლები წვლილი მიუძღვის, რადგან ჩვენ ინდუსტრიული წარმოება არა გვაქვს სასურველ დონეზე განვითარებული.
„როგორც სოფლის მეურნეობაში ინდუსტრიული წარმოება არა გვაქვს სასურველ დონეზე, ასევე აქეთაც მრეწველობაშიც დამაბინძურებლების რაოდენობა არ არის იმდენი, რამდენიც შეიძლება ევროპაში იყოს“, – ამბობს ვეფხვაძე. „მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ მე თუ სხვაზე ნაკლები ემისიები მაქვს პროცენტულად, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული ან ეკონომიკის ერთეულზე გადაანგარიშებული, არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა ვიმუშაო და არ უნდა შევუერთდე საერთო ევროპულ ვალდებულებებს. თუმცა მთავარი პრობლემა ამ გზაზე არის საბოლოო პროდუქტის ღირებულება. პროდუქტის საბოლოო ღირებულება თუ იქნება იმდენად მაღალი, რომ მე მას ვეღარ გავყიდი საერთაშორისო ბაზრებზე, მაშინ დაზარალდება ეკონომიკა, იმიტომ რომ ეკონომიკა გაჩერდება“.
არასამთავრობო ორგანიზაციის „მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისია“, ტექნიკური დირექტორი თვლის, რომ საქართველოსო ტიპის ქვეყნებში ბიზნესს შეუძლია კარგი სარგებელი ნახოს თუკი მწვანე პლატფორმაზე გადასვლას მოინდომებს.
„პრინციპი – კონცეფცია ასეთია: ბიზნესს და განვითარებას ჩვენ, ყველა ქვეყანა ვაწარმოებთ არასწორი გზით. ამ არასწორი გზიდან ახლა უნდა გადავიდეთ სწორ გზაზე. არანაირი შეზღუდვები – არ არის ამ კონვენციის პრინციპი შეზღუდვა, რაღაცის არ მიცემა. პირიქით – განვითარება, ოღონდ ეს განვითარება უნდა მოხდეს სწორი გზით.“
როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს თავის დაბალი ინდუსტრიული განვითარება შეუძლია სარფიანად გამოიყენოს და განვითარებულ ქვეყნებს მიყიდოს ე.წ. დაზოგილი სათბური აირები, რომელიც საკუთარი ეროვნული ვალდებულების შესრულების შემდეგ დარჩება. სახელმწიფოებს შორის ემისიებით ვაჭრობის მსგავსი მექანიზმი ჯერ კიდევ კიოტოს ოქმის ფარგლებში მოქმედებდა, მაგრამ საქართველომ, როგორც შვანგირაძე ფიქრობს, ვერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა სათანადოდ, რადგან ამისთვის ძლიერი საბაზრო ეკონომიკაა საჭირო.
„ქვეყანა არ არის ამისთვის მზად,“ – განმარტავს მარინა შვანგირაძე. „ამ მექანიზმამდე უკვე არსებობდა სუფთა განვითარების მექანიზმი, რომელიც ასევე კერძო სექტორისთვის იყო სპეციალურად და ბევრმა ქვეყანამ ძალიან კარგად ისარგებლა. ეს ქვეყნები იყვნენ ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია. რატომ? იმიტომ რომ მათთან საბაზრო ეკონომიკა უკვე იყოს ძალიან ძლიერი და ამან ხელი შეუწყო. ამ ქვეყნებმა ძალიან დიდი თანხები შეიტანეს ამ ვაჭრობით გარდა იმისა, რომ გაასუფთავეს თავისი ზოგიერთი მიმართულება.“
ევროკავშირის ფარგლებში უკვე მოქმედებს კერძო სექტორს წარმომადგენლებს შორის ემისიებით ვაჭრობის სისტემა, რომელშიც ქართულ ბიზნესსაც შეუძლია მონაწილეობა, თუმცა მას გარკვეული რისკები ახლავს.
როგორც გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განმარტავს, ჯერ კონვენციის ქვეშ ემისიებით ვაჭრობა არ მუშაობს.
„ ეს არის საერთაშორისო ვაჭრობა გლობალურ დონეზე გაეროს ჩარჩოკონვენციის ქვეშ გლობალურ დონეზე,“ -ამბობს ნინო თხილავა. „მაგრამ არის რა თქმა უნდა ნებაყოფლობითი მექანიზმები. ევროკავშირს აქვს თავისი მექანიზმი, რომელიც გვეხება იმიტომ, რომ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ და თან უკვე ვართ კანდიდატი ქვეყანა. ამას გარდა, არის სრულიად ნებაყოფლობითი მექანიზმი იმ მე-6 მუხლში, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა სექტორმა ვინმესთან წინასწარ დაიჭიროს საქმე და გაყიდვა დაიწყოს, მაგრამ ეს არ არის ჯერ დაცული: არც ჰყავს მესამე მხარე ვალიდატორად, რომელიც დაადასტურებდა. რისკებია და არც ფასია დარეგულირებული და არც არაფერი.“
თუმცა პარიზის შეთანხმების ფარგლებში უკვე ინერგება ემისიებით საერთაშორისო ვაჭრობის ახალი მექანიზმი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კერძო სექტორებს შორის ვაჭრობას უწყობს ხელს თუმცა სახელმწიფოს გავლით, რადგან სწორედ სახელმწიფომ უნდა ჩაითვალოს ეროვნულ ვალდებულებად ნაკისრი შესამცირებელი ემისია ბიზნესის მეშვეობით, რადგან თავად ამას ვერ უბრალოდ ვერ გააკეთებს. ამ მექანიზმის მიმართულებით საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა და პარტნიორობა ორ განვითარებულ ქვეყანასთან – იაპონიასთან და შვეიცარიასთან გააფორმა. თუმცა ვაჭრობა ჯერ არ შემდგარა, რადგან მთელი რიგი აუცილებელი ღონისძიებებია გასატარებელი.
„წელს იანვრის თვეში ჩამოყალიბდა პირველი ერთობლივი კომისია 5 ქართველისგან და 5 იაპონელისაგან, რომლებმაც უნდა შეაფასონ შემდგომი პროექტები და დაკრედიტების მექანიზმიც შექმნეს თვითონ,“ – განმარტავს ნინო თხილავა. „თვითონ სხვა ქვეყნებთანაც აქვთ ასეთი რამ, უბრალოდ ერთ-ერთია მათთვის საქართველო. და ამ დაკრედიტების მექანიზმით გახსნილი აქვთ სპეციალური ფანჯარა იმისთვის, რომ კერძო სექტორის წარმომადგენელი იქ დარეგისტრირდეს და შემდეგ მას უპასუხებენ, რამდენად ინტერესდებიან იმ სავარაუდო შემცირებით, რასაც ის მოიაზრებს. თან კომპანიონი უნდა ჰყავდეს აუცილებლად იაპონური კომპანია და ამის მერე უკვე ვერთვებით ორივე მხარე და მერე იწყება ტექნიკური განხილვები…ჯერ ვაჭრობა არ მომხდარა – ფაქტი არ შემდგარა, მაგრამ რეკომენდაცია რომ მიეცა ასეთი კერძო სექტორი არსებობს. მაგალითად, ბიოდიზელის წარმოება ძალიან კარგ მიმართულებად ჩაითვალა შვეიცარიასთან, ახლა იაპონიასთან ძალიან სერიოზულად განიხილება ქარის ენერგეტიკა.“
ეს ყველა მექანიზმი იმისთვის არის, რომ ყველა ქვეყანამ შეასრულოს ემისიის შემცირების ვალდებულება და ჰქონდეს სტიმული, რომ ვალდებულებაზე მეტი დაზოგოს.
„ჩვენ ყველაფერს ვერ გავყიდით,“ – გვიხსნის გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. „ჩვენ გავყიდით მხოლოდ იმ შემცირებულ ემისიას, რომელიც ჩვენი უკვე შესრულებული ვალდებულების მიღმა დგას. იმიტომ დგება სტრატეგია, იმიტომ დგება გეგმები, გეგმებში წერია რომელი საქმიანობები განიხილება ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად. და ამის მიღმა თუ აღმოჩნდება საინტერესო პროექტი – ის გაიყიდება. ამიტომ არის აქ სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანი.“
თუმცა ემისიებით ვაჭრობის საკმაოდ რთული მექანიზმების გარდა, საქართველოსნაირ განვითარებად ქვეყანას სათბური აირების შემცირებისთვის აუცილებელი თანხების მოზიდვა კლიმატის მწვანე ფონდიდანაც შეუძლია, რომელიც გაცილებით შეღავათიან სესხებს იძლევა, ვიდრე ის დონორი ორგანიზაციები, საიდანაც ქვეყანა იღებს ეკოლოგიური პროექტების დასაფინანსებელ რესურსს. მაგრამ მწვანე ფონდიდან თანხების მიღებას საკმაოდ ძვირადღირებული აკრედიტაცია სჭირდება, რომელიც ექსპერტულ ცოდნასაც მოითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის „მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისია“ ტექნიკური დირექტორი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ინსტიტუციები საკმაოდ სუსტია იმისთვის, რომ დამოუკიდებლად აითვისოს არსებული რესურსი.
„ბანკებმა უნდა ისწავლონ რისკების დამოუკიდებლად მართვა,“ – ამბობს მარინა შვანგირაძე. „ თუ შენ ვერ მართავ შენ რისკს დამოუკიდებლად და დამოკიდებული ხარ გარედან სხვა ბანკზე, რომელიც გაძლევს ცოტა უფრო ძვირიან სესხს, მაგრამ რისკი გადასესხებულია, რა თქმა უნდა, შენ ვერ გააკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მას შეუძლია.“
მწვანე ფონდის აკრედიტაცია საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. „თიბისი ბანკს“ დაახლოებით ორი წელია აქვს მწვანე ფონდის აკრედიტაცია, მაგრამ ჯერჯერობით, დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პროექტის წარდგენა ვერ შეძლო გაჭიანურებული ბიუროკრატიული პროცედურების გამო.
„როგორც ცნობილია გლობალური კლიმატის ფარგლებში პროექტების დამტკიცებას სჭირდება გარკვეული დრო და ასევე სხვადასხვა მხარეების ჩართულობა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი გარემოება, არამედ ზოგადად ასე ხდება. ის დეტალურობა, სკრუპულოზობა თუ ბიუროკრატული მხარე, რომელიც პროექტების დამტკიცებას ახლავს თან – სხვა ქვეყნებშიც იგივეა,“ – განმარტავს მაკა ბოჭორიშვილი, „თიბისი ბანკის“ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი. თუმცა მას იმედი აქვს, რომ პირველი პროექტის შემდეგ საქმე უფრო სწრაფად წავა წინ.
„ვიმედოვნებ, რომ პირველი პროექტის შემდგომი პროექტები უფრო ადვილი იქნება. შეიძლება ეს პირველი პროექტის ეფექტია, რომელიც შედარებით რთულია გასავლელად და დასამტკიცებლად და შემდგომში გლობალური კლიმატური ფონდის დაფინანსება მართლა დააჩქარებს საქართველოში მდგრად დაფინანსებას,“ – ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
შარშან საქართველოს მთავრობამ მიიღო საქართველოს რეალობაზე სრულად მორგებული თავისი პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050, რომელშიც წერია, რომ საქართველოს შეუძლია 2050 წლისთვის გახდეს ნახშირბადნეიტრალური.
სტრატეგიის შემუშავების პროცესს მხარს უჭერდნენ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი რეგიონული ინიციატივის – EU4Climate – ფარგლებში. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობამ უზრუნველყო ის აუცილებელი რესურსები, ტექნიკური დახმარება და საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელიც ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებას სჭირდებოდა.
ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი მასშტაბური კონცეფცია საშუალებას მისცემს დონორებს განსაზღვრონ, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა და შესაბამისად შეადგინონ საინვესტიციო გეგმები.
და თუ რამდენად ლამაზი, სიცოცხლით სავსე დღე გაუთენდება ხვალ დედამიწას და მის ბინადართ – ეს საქართველოს მწვანე პოლიტიკაზეც იქნება დამოკიდებული.
ავტორი: ნინო ფაცურია