„უნგრეთი არ დაბლოკავს ნატოს გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში თავდაცვის ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკების შემდეგ. თუმცა ორბანი არც უკრაინის მხარდაჭერას აპირებს და ამბობს, რომ სტოლტენბერგთან შეთანხმება საშუალებას მისცემს უნგრეთს, კიევის მხარდაჭერაში მონაწილეობა არ მიიღოს.
„უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ არ სურს და არ შეუძლია შეცვალოს სხვა 31 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილება. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ნატომ გაითვალისწინა უნგრეთის პოზიცია და ქვეყანა გამოიყენებს მანევრირების სივრცეს, რომელიც ნატოს წესდებით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ნატოს გენერალური მდივანიც ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერის ირგვლივ არსებული საკითხები მოგვარებულია.
Good meeting w/ @PM_ViktorOrban ahead of the #NATOSummit. In our meeting today we agreed modalities for Hungary’s non-participation in #NATO support for #Ukraine while enabling others to move forward. #Hungary continues to fulfill all its NATO commitments & remains a valued Ally. pic.twitter.com/27AhqSIx4g
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) June 12, 2024
„პრემიერმა ორბანმა ნათლად თქვა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს ამ ძალისხმევაში და მე ვეთანხმები ამ პოზიციას. მოხარული ვარ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი და მე შევთანხმდით ამ საკითხზე. უკრაინის დასახმარებლად არცერთი უნგრელი ჯარისკაცი მონაწილეობას არ მიიღებს და არც უნგრულ სახსრებს გამოიყენებენ უკრაინელების დასახმარებლად“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
წარსულში ბუდაპეშტის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა იყო ევროატლანტიკური ალიანსისთვის, ვინაიდან უნგრეთი უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციებს მუდმივად ბლოკავდა.
სტოლტენბერგის ვიზიტი ბუდაპეშტში გაიმართა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების ე.წ. ბუქარესტის ცხრიანის სამიტის შემდეგ. სამიტს არ დაესწრო უნგრეთი, უკრაინის მხარდაჭერის საკითხებში ბევრ მეზობელთან უთანხმოების გამო.
შეხვედრა ივლისში ვაშინგტონის ნატოს სამიტისთვის მომზადების ნაწილია. სწორედ ვაშინგტონში ალიანსის წევრები უნდა შეთანხმდნენ უკრაინისთვის ყოველწლიურად 40 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის გამოყოფაზე.
ევრონიუსის ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე სისტემატური ვეტოს გამოყენების გამო ბუქარესტის ცხრიანი ამ ფორმატიდან უნგრეთის გაძევებას განიხილავდა, თუმცა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე არაფერი თქმულა.