მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინის აღდგენის კონფერენცია ბერლინში და ევროინტეგრაცია

უკრაინის აღდგენის კონფერენცია ბერლინში და ევროინტეგრაცია

ორდღიანი „უკრაინის აღდგენის კონფერენციის” ფარგლებში მრავალი პროფილის პანელი არის დაგეგმილი. მსოფლიო ლიდერები უკრაინის აღდგენის ბევრ მიმართულებას განხილავენ, ეს არის: ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.

მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტების თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო უკრაინის აღსადგენად უახლოესი 10 წლის განმავლობაში 486 მილიარდი აშშ დოლარი არის საჭირო.

თუმცა ბუნებრივია უკრაინის თავდაცვა და დამატებითი ზარალის თავიდან აცილება მაინც პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

კონფერენციის გახსნისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საუკეთესო აღდგენა არის აღდგენა, რომელიც არ არის საჭირო. მან ისაუბრა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე, კონკრეტულად Patriot-ის ტიპის მესამე საჰაერო თავდაცვის კომპლექსის გადაცემა დააანონსა. მან ასევე თქვა, რომ უკრაინის აღდგენა იქნება 21-ე საუკუნის უდიდესი პროექტი.

შოლცის თანახმად, იგი ასევე აპირებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს „დიდი შვიდეულის სამიტზეც”, რომელიც 13 ივნისს იტალიაში გაიმართება.

„უკრაინასა და გერმანიას შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ახლო და ნდობით აღჭურვილი, როგორიც დღესაა. 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენ 28 მილიარდი ევრო გამოვყავით. დამატებითი თანხები გამოიყოფა სამოქალაქო დახმარების ფორმითაც. თუმცა ის, რაც დღეს უკრაინის არმიას ყველაზე მეტად სჭირდება საჰაერო თავდაცვისთვის საბრძოლო აღჭურვილობა და იარაღია. ამიტომ, ჩვენ უკრაინას მესამე საჰაერო თავდაცვის სისტემას გადავცემთ: საზენიტო ქვემეხებს, რაკეტებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალას. ეს ყველაფერი უახლოეს კვირებსა და თვეებში იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე არის ევროინტეგრაცია და ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების გზები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა და მზად არის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვცდილობთ წინააღმდეგობის გაწევას სამხედრო მიმართულებით, ქვეყნის დაცვის მხრივ. ჩვენ ასევე ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ევროპული ცხოვრების წესი, რომელიც ნადგურდება ყველგან, სადაც პუტინი აქტიურობს, სადაც რუსეთი დგამს ფეხს. ეს იწყება საზოგადოების დაყოფით და ჰიბრიდული ომით, როგორც მოლდოვასა და საქართველოში. შემდეგ კი, ჩვენ მოწმენი ვხდებით ტოტალური ომისა, როგორიცაა ომი უკრაინის წინააღმდეგ.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება პოლიტიკური კლიმატი ევროპაში, რეალობა მაინც ისაა, რომ ევროკავშირი გამონაკლისის გარეშე ყველა ევროპელს სჭირდება… ყველა ერს, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებს და სხვა სახელმწიფოებთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრება სურს. უკრაინა სწორედ ასეთი ქვეყანაა, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი მოლდოვა და საქართველო, ისევე როგორ ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ევროპამ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, ისევე როგორც ჩემმა ქვეყანამ. მზად ვართ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ ყველა აუცილებელი წინაპირობა შევასრულეთ. ვასრულებთ დადებულ პირობებს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გარე ზეწოლა ევროპას ვერ დააჩოქებს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

11 ივნისს კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან თქვა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს.

„გასული წლის აღდგენის კონფერენციაზე ვთქვი, რომ უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივები უნდა გადაეცეს. ჩვენ ამას გავაკეთებთ… საერთაშორისო სამართლისა და ფინანსური მარკეტის მდგრადობის გათვალისწინებით. ივლისში 1.5 მილიარდი ევრო გახდება ხელმისაწვდომი. ამ თანხის 90% თავდაცვას, 10% კი აღდგენას მოხმარდება.

თვის ბოლომდე უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროსაც გადავცემთ. ეს უკრაინის მიერ შემუშავებული ყოვლისმომცველი რეფორმებისა და საინვესტიციო სტრატეგიის დამსახურებაა. უკრაინამ ამ ყველაფრის მიღწევა ომის პარალელურად შეძლო. ეს ძალიან განსაკუთრებული რამაა. დიდი მადლობა ასეთი სანდოობისთვის.

ეს აახლოებს უკრაინას ჩვენს ევროპულ კავშირთან. უკრაინამ შეასრულა ჩვენს მიერ დასახული ყველა ნაბიჯი. ამიტომ, გვჯერა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend