წინასწარი მონაცემებით, რომლებიც თითქმის სრულად დათვლილ ხმებს ეყრდნობა, უნგრეთში ევროპარლამენტის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრ ორბანის პარტიამ ხმათა 44% მოიპოვა. ამომრჩეველთა 29%-ზე მეტი კი, რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბებულ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „ტისცას“ მიემხრო. ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა ლიბერალური პარტია „მომენტუმი“, ხოლო სოციალ-დემოკრატებისა და მწვანე პარტიების ერთობლივმა სიამ ხმათა რვა პროცენტი მიიღო.
„არჩევნების გზავნილი, მისი პოლიტიკური შინაარსი შეიძლება ასე შეფასდეს: დღეს უნგრელებმა მკაფიოდ გამოხატეს, რომ მშვიდობა სურთ. ომსა და მშვიდობას შორის მათ მშვიდობა აირჩიეს და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა გააძლიერეს. როგორც მთავრობის მეთაურს, შემიძლია ვიკისრო ვალდებულება, რომ ამ მანდატით ხელისუფლება გაორმაგებული ძალით იბრძოლებს იმისთვის, რომ უნგრეთი ომში არ აღმოჩნდეს… არჩევნების შედეგები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც გზავნილი, რომელიც ამგვარად ჟღერს: შეჩერდეს მიგრაცია, შეჩერდეს „გენდერი“, შეჩერდეს ომი, შეჩერდეს სოროსი და ბრიუსელი“, – განაცხადა ვიკტორ ორბანმა.
📜 @PM_ViktorOrban: Summarizing the result of the European Parliament elections, we could send it to Brussels in a telegram that reads:
🛑 Stop migration! Stop gender! Stop war! Stop Soros! Stop Brussels! 🛑 pic.twitter.com/yqryRwDSKU— Zoltan Kovacs (@zoltanspox) June 9, 2024
„ტისცას“ ლიდერმა პეტერ მაგიარმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებმა ცხადყო, თუ ვინ იქნება „ფიდესის“ ერთადერთი კონკურენტი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების ამგვარი შედეგები უნგრეთისთვის პოლიტიკური გარღვევის დაწყებას მოასწავებს.
„ამ შედეგს ორბანის კორუმპირებული ძალაუფლების წინააღმდეგ ნულოვანი ფინანსური რესურსით, 12-წევრიანი პარტიითა და იმ მოხალისეებით მივაღწიეთ, რომლებიც პროპაგანდისტული მანქანის მიერ დახარჯული მრავალი მილიარდისა და დაშინებების მიუხედავად, უფასოდ მუშაობდნენ. დღეს კი ყველა უნგრელისთვის ცხადი გახდა, რომ აღარ უნდა ეშინოდეთ, რადგან ჩვენ გვერდით არა ათობით, ან ათასობით, არამედ მილიონობით ადამიანია“, – განაცხადა პეტერ მაგიარმა.
უნგრეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ, 57%-მა მიიღო. „ფიდესის“ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში 21-იდან 11 ადგილის დასაკავებლადაა საკმარისი. პარტიის მხარდაჭერა ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების შემდეგ საგრძნობლად შემცირებულია. მაშინ „ფიდესმა“ ხმათა 52% მოიპოვა. მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და სკანდალების სერიამ, რომელიც „ფიდესის“ პოლიტიკოსებს უკავშირდება, მნიშვნელოვნად დააზიანა პარტია, რომელიც საკუთარ თავს ოჯახური ღირებულებებისა და ქრისტიანული კონსერვატიზმის დამცველად მიიჩნევს.
Hungary, European Parliament election today:
Seat distribution based on 99.97% of the polling stations counted
Fidesz/KDNP-NI|EPP: 11 (-2)
TISZA→EPP: 7 (new)
DK/MSZP/P-S&D|G/EFA: 2 (-3)
MH~NI: 1 (+1)
Momentum-RE: 0 (-2)
Jobbik-NI: 0 (-1)+/- vs. 2019 election
Source:… pic.twitter.com/LciWyDMVQi
— Europe Elects (@EuropeElects) June 10, 2024