მთავარიევროპასაფრანგეთი„მაკრონის დიდი ფსონი” - რიგგარეშე არჩევნები საფრანგეთში

„მაკრონის დიდი ფსონი” – რიგგარეშე არჩევნები საფრანგეთში

„ჩვენი კონსტიტუციის მეთორმეტე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტე, კენჭისყრის გზით დაგიბრუნოთ არჩევანი ჩვენი საპარლამენტო მომავლის შესახებ. გადავწყვიტე, დავითხოვო ეროვნული ასამბლეა. ხელს ვაწერ განკარგულებას საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ასე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც მისი პარტია დამარცხდა ევროპარლამენტის არჩევნებში.

ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის პარტია „რენესანსმა” ხმების მხოლოდ 14.5 პროცენტი მოაგროვა, ხოლო მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ 31.7 პროცენტი. 1984 წლის შემდეგ ეროვნული მოძრაობა არის პირველი ფრანგული პარტია, რომლის მხარდაჭერაც ევროპულ არჩევნებში 30%-ს გასცდა.

ულტრამემარჯვენე პარტიისადმი ამხელა მხარდაჭერა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპაში.

მარინ ლე პენი გამოირჩევა იმიგრაციის მიმართ მკაცრი პოზიციით. თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში მკვეთრად შეზღუდავს საფრანგეთში მიგრანტების შემოდინებას.

წარსულში ლე პენს სურდა ევროკავშირის დატოვება და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. თუმცა ბოლო პერიოდში ლე პენის პარტიამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ხოლო ევროკავშირს გარკვეული რეფორმებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად ბოლო წლებში პოზიციების შერბილებისა, ნაციონალური გაერთიანება კვლავ ითვლება ულტრამემარჯვენე პარტიად, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა მნიშვნელოვნად შეცვლიდა ევროპას.

ლე პენს ახლა მთავარი გამოწვევა წინ აქვს, მისი პარტია უნდა მოემზადოს რიგგარეშე არჩევნებისთვის…‌

მარინ ლე პენი Copyright AP Photo/Lewis Joly

მარინ ლე პენმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საფრანგეთის პარლამენტის დათხოვნის შესახებ.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ახლახან გამოაცხადა ეროვნული ასამბლეის დაშლის შესახებ, რამდენიმე კვირაში ფრანგი ხალხის საარჩევნო ყუთებთან დაბრუნება მოხდება. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო ამ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება მეხუთე რესპუბლიკის ინსტიტუციის ლოგიკას“, – განაცხადა ლე პენმა საზეიმო აქციაზე მისი პარტიის შტაბ-ბინაში.

ექსპერტების აზრით, მაკრონის გადაწყვეტილება ნაციონალური ასამბლეის დათხოვნის შესახებ სტრატეგიული ნაბიჯია. ულტრამემარჯვენე პარტიებმა ერთობლივად დააგროვეს დაახლოებით 40% ევროპარლამენტის არჩევნებზე, რაც საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის.

„ეს ბარაკ ობამას შემთხვევას შევადარე. ობამას ორი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა. ობამასთვის ეს დამამცირებელი იყო. ვფიქრობ, მაკრონს არ სურს თვითონაც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს. ამიტომ, ის ცდილობს საკუთარი ბედი ისტორიის თვალში თავად აიღოს ხელში და ამისთვის დიდ ფსონს ჩამოდის. დავითხოვ ეროვნულ ასამბლეას, „ნაციონალური ფრონტი“ ხელისუფლებაში მოვა და ფრანგები მიხვდებიან, რამდენად არაკომპეტენტურები, იდეოლოგიურები და საშიშები არიან ისინი. ვფიქრობ, სწორედ ეს შეიძლება იყოს მისი სტრატეგია“, – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი დომინიკ მოისი.

ახლა საფრანგეთის პრეზიდენტს ექნება დაახლოებით 20 დღე, რათა შეიმუშაოს გეგმა, რომლითაც მისი პარტია საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს. არჩევნები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend