მთავარისაქართველოაშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიმართვა „ქართულ ოცნებას”

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიმართვა „ქართულ ოცნებას”

„ქართულ ოცნებას“ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნოს. ეს მოწოდება ორი სახელმწიფოს ლიდერმა ასახა სპეციალურ დოკუმენტში, რომელსაც ამერიკა/საფრანგეთის გზამკვლევი ჰქვია.

„შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილსა და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის შინაარსი ქართულ პოლიტიკაში განიხილეს. მიმართვის ეს შინაარსი გაუგებარია მმართველი პარტიის ლიდერებისთვის. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის საჭირო კანონის მიღების გამო დეპუტატების სანქციებით დასჯა პარტნიორი სახელმწიფოსგან უცნაურია. მმართველი გუნდის პოლიტიკოსთა ნაწილი კი პრობლემებს ბაიდენი-მაკრონის მართვაში ხედავს და ორი ქვეყნის ლიდერს მათივე პრობლემების გამოსწორებისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში უკვე ყველასგან ყველაფერია ნათქვამი და აღარავინ დარჩა, ვინც შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ შეცვლის პირას მყოფი ქვეყნის საგარეო კურსის მობრუნებასა და სწორ გზაზე დადგომისკენ მოუწოდოს.

ამერიკა/საფრანგეთის გზამკვლევ დოკუმენტში საუბარია მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე. ამავე დოკუმენტით შეთანხმებულია აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და ხაზგასმულია ერთგულება მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისადმი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend