მთავარისაქართველო„ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ“ - სპეციალური ანგარიში

„ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ“ – სპეციალური ანგარიში

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ახალმიღებული კანონის შეფასებას აგრძელებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოამზადა სპეციალური ანგარიში „საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ“. 29-გვერდიან დოკუმენტში განხილულია პერიოდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიციირებიდან მიღებამდე. საიაში ამბობენ, რომ ხელისუფლება სამოქალაქო სივრცის შევიწროებას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა ძალადობრივ მეთოდს იყენებს.

„გამოიკვეთა კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მესამე პირების (ტიტუშკების რეიდები) მხრიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევით ხასიათდება“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აღნიშნეს, რომ აქამდე რეაგირების სახით მხოლოდ უშედეგო გამოძიება იყო. ითქვა რომ, სადავო კანონის მოწინააღმდეგეთა დასადანაშაულებლად სატელეფონო ზარებს იყენებდნენ, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან ეს შემთხვევები საფუძვლიანად არ გამოკვლეულა.

„2024 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საიას ინფორმაციით, დაახლოებით 210-ამდე პირი დააკავეს. მათთან მიმართებით მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობასა და მოქალაქეების დაშინებას. საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე და სულ დაკავებულია 8 პირი, მაშინ, როდესაც არც ერთი სამართალდამცველი არ დაუკავებიათ“, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე საუბარია მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და უსაფრთხოებაზე. ნონა ქურდოვანიძის თქმით, წინა წლებში დაწყებული ტენდენცია სადავო კანონის ინიციირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. ანგარიშის თანახმად, კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის შემთხვევები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend