გერმანიაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება, რადგან ქვეყანა მასპინძლობს ისეთ უდიდეს საფეხბურთო ფორუმს, როგორიც ევროპის ჩემპიონატია.
ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანია ყველა შესაძლო საფრთხისთვის მზად იქნება და ისინი ეცდებიან, რომ ტურნირი ყველა მხრივ უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.
მან ახსენა ისეთი საფრთხეები, როგორებიცაა ტერორიზმი, სხვადასხვა სახის ხულიგნობა და კიბერთავდასხმა. ამასთანავე, დასძინა, რომ ამ ყველაფერზე თვალის დევნება როგორც ფედერალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე, ძალიან კარგად მიმდინარეობს.
„ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ფედერალურ და შტატის მთავრობას შორის თანამშრომლობა ტურნირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძალიან კარგად მიდის. ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ ყველა მოსალოდნელ ხიფათს. ამ პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების ყველა ორგანო განსაკუთრებულად იმუშავებს. ჩვენი ყურადღება ყველაზე მეტად ტერორიზმის, კიბერთავდასხმებისა და ასევე წვრილმანი ხულიგნობისკენ იქნება მიმართული. იმ ადგილებში, სადაც ხალხის დიდი რაოდენობა იქნება, ბევრად მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში”, – ამბობს ნენსი ფეზერი, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დასავლეთ შტატში, სადაც მასპინძელი 10 სტადიონიდან 4 მდებარეობს, საპოლიციო ცენტრები გაძლიერდა.
„უნდა ითქვას, რომ ისლამური სახელმწიფო და ტერორისტები ყველაზე დიდი საშიშროებაა. ჩვენ ამ დროისთვის არ გვაქვს რამე კონკრეტული მტკიცებულება, თუმცა ზოგადი ფონიდან გამომდინარე არსებობს გონივრული ეჭვი და გვინდა, ეს ყველაფერი იქამდე იყოს აღმოფხვრილი, სანამ მოხდება. რა თქმა უნდა, 100-პროცენტიან გარანტიას ვერავის მივცემთ, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ უსაფრთხოების უმაღლესი დონე ვაჩვენოთ”, – ამბობს ჰერბერტ როილი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრი.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს ქალაქ მიუნხენში გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება.
ამ უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.