„ტურინის იუვენტუსის” ფრანგი ლეგენდა დევიდ ტრეზეგე საქართველოში ჩამოვიდა. მან წალენჯიხაში „იუვენტუსის” აკადემიის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. წალენჯიხაში ფრანგ ფეხბურთელს ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდნენ.
დევიდ ტრეზეგე 1998 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2000 წელს ევროპის.
46 წლის ვეტერანი ფეხბურთელი დღეს „ტურინის იუვენტუსის” ფანკლუბის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ბოლოს კი შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
„ერთი შეხედვითა და დაკვირვებით წალენჯიხის „იუვენტუსის” აკადემიას საოცრად საინტერესო ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან მოკლე ხანი დავყავი საქართველოში, ბევრი რამ ვერ დავათვალიერე, თუმცა ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ. მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის გულწრფელობა და უდიდესო სითბო, რომელიც მათგან მოდის.
ხვიჩა კვარაცხელიაზეც მინდა ვისაუბრო, ის ნამდვილად საოცარი ფეხბურთელია. მან გენიალური პირველი სეზონი ჩაატარა ნაპოლიში, თუმცა მეორე სეზონი მისთვის ცოტა რთული აღმოჩნდა. კარიერაში მეც უამრავი რთული მომენტი მქონია, თუმცა ყოველთვის ვკონცენტრირდებოდი მომავალსა და უკეთესის მოლოდინზე. ხვიჩას სათამაშო კლასიდან გამომდინარე მჯერა, რომ მას უამრავი წარმატება ელის მომავალში”, — ამბობს დევიდ ტრეზეგე, „იუვენტუსის” ვეტერანი თავდამსხმელი.