მთავარისაქართველოროგორ ეხმარებოდა აშშ საქართველოს ჯარის მშენებლობაში

როგორ ეხმარებოდა აშშ საქართველოს ჯარის მშენებლობაში

30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებმა დაარსებიდან 33 წლის იუბილე აღნიშნეს. 33-წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩვენი, ქართული ჯარი, ვითარდებოდა, იხვეწებოდა, განიცდიდა ტრანსფორმაციას და მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში.

ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა პარტნიორი ქვეყნების დახმარებას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა,  რასაც მოჰყვა 1992 წელს ოფიციალური დიპლომატიური კავშირების დამყარება და ერთ თვეზე ნაკლებ დროში საელჩოს გახსნაც.

ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 1994 წელი, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პროგრამას  „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ მოეწერა ხელი.

ეს პროგრამა არ მოიცავს მხოლოდ ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებას, არამედ ითვალისწინებს დახმარებას ისეთ კრიტიკულ დარგებში, როგორებიცაა ლოგისტიკა, კიბერუსაფრთხოება, სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა და ასე შემდეგ.

თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება 2001 წლის სექტემბრიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველო  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა.

ამის შემდეგ, 2002 წელს,  იწყება GTEP პროგრამა – წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში არაერთი ქართული ქვედანაყოფის მზადყოფნის ხარისხი გაიზარდა. ეს პროგრამა 2005 წელს სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიულ პროგრამად გარდაიქმნა.

თანამშრომლობა ახალ საფეხურზე 2009 წლის 9 იანვარს გადავიდა, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.

სამხედრო თანამშრომლობა გამყარდა და  გადაიზარდა მჭიდრო და გრძელვადიან მეგობრობაში. ორი ქვეყნის ჯარისკაცები ერთად სწავლობდნენ, ერთად იწვრთნებოდნენ და იბრძოდნენ. განხორციელდა მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, მაგალითად, 2022 წლის ოფიციალური მონაცემით, ესაა 1,5 მილიარდ  დოლარზე მეტის დახმარება სწორედ საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად და საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

2016 წელს ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამავე წლის ბოლოდან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება ამოქმედდა.

2021 წელს კი გაფორმდა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის თაობაზე მორიგი მემორანდუმი.

ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის განხორციელებაც 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2021 წელს.

ამ პროგრამის ფარგლებში მომზადდა და აღიჭურვა 9 ქართული ქვეითი ბატალიონი.

პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივას.

აშშ აქტიურადაა ჩართული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის საქმიანობაში. უკვე ვახსენეთ საერთაშორისო მისიებისთვის მომზადება და აქვე აღვნიშნოთ ის ოპერაციები, რომლებში მონაწილეობითაც ქართულმა ჯარმა კვალიფიკაცია აიმაღლა და დახვეწა ბრძოლისუნარიანობა.

ეს მისიები ითვალისწინებს როგორც კოსოვოსა და ერაყის სამშვიდობო, ისე  ავღანეთის ორ ოპერაციაში მონაწილეობას. საერთაშორისო მისიებში ჯამში 30 ათასზე მეტი სამხედრო იყო ჩართული.

ქართულ-ამერიკული სამხედრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია ერთობლივი სწავლებები, მაგალითად, „AGILE SPIRIT“ და „NOBLE PARTNER“, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება.

ამერიკა აქტიურადაა ჩართული სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის პროცესში. არაერთმა ქართველმა ოფიცერმა უმაღლესი სამხედრო განათლება სწორედ შეერთებულ შტატებში მიიღო.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული არმიის მშენებლობის პროცესში ამერიკის შეერთებულ შტატებს უდავოდ დიდი წვლილი აქვს. ქვეყნის თავდაცვის ძალა კი პირდაპირაა დაკავშირებული უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend