„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების შემდეგ არ წყდება პოლიტიკური შეფასებები. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები მიიჩნევენ, რომ კანონი, რომელიც მათი თქმით, ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და განმტკიცებისთვის მიიღო მმართველმა პარტიამ, არ უნდა წარმოადგენდეს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემას და არც ქვეყნის შიგნით იქნება დემოკრატიის დამაზიანებელი.
„ეს კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით. ნებისმიერი უცხოელი, რომელიც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, როგორც ასეთს და ეს არის რუსული სტილი საკითხების მიმართ მიდგომისა, ამას რუსეთი აკეთებს უკრაინის მიმართ, როდესაც ამბობს, რომ სინამდვილეში ხელისუფლება არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და თავისი სურვილით ასახელებს და ნიშნავს, თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინელი ხალხის წარმომადგენელი. ეს არის რუსული სტილი. ჩვენ გვინახავს ჩვენს ქვეყანაზე ასეთი დამოკიდებულება, როდესაც გველაპარაკებოდა რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით და გვეუბნებოდა, რომ ხალხი კარგია და ხელისუფლება არის ცუდი. ყველას მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, რომ რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი არ არის სწორი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტში მუშაობას. სხდომათა დარბაზის ოპოზიციური ფლანგი პლენარულ სხდომაზე ფაქტობრივად ცარიელი იყო. ბოიკოტის რეჟიმში გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატები და სხვა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლები. დარბაზში მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატები, „ევროოპტიმისტები“ და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია იმყოფებოდნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ კანონის მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად დაადეკლარირა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და ფსონი რუსულ ორბიტაზე დადო. მათი თქმით, ახლა დაუღალავი წინააღმდეგობა და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაა გამოსავალი. მათ ასევე წინააღმდეგობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნიათ დასავლეთის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულების სანქციებით და „ქართული ოცნების” გუნდის იზოლაციაში მოქცევით.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან. ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რომლის კანონი როგორც კონგრესში, ასევე სენატში დაინიციირებულია და ამას „ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს და მეორე, ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება საქართველოს ბიუჯეტზე, რომლის დიდი ნაწილი დასავლური ფინანსებისა და მხარდაჭერისგან შედგებოდა. მაშინ, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი გეუბნება, რომ პარტნიორობა დასრულდება, სტრატეგიული პარტნიორობა აღარ იქნება ჩვენი ჯარის, ეკონომიკისა და დემოკრატიისთვის, ეს ბუნებრივია, ძალიან დიდი დარტყმაა, რაც „ქართული ოცნების” მიზანიცაა”, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტს ხუთდღიანი ვადა აქვს კანონზე ხელის მოსაწერად. თუ სალომე ზურაბიშვილი სადავო კანონზე ხელს არ მოაწერს, მას ხელს მოაწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ალეკო გვეტაძე