მთავარისაქართველოკრიტიკა ევროპიდან და აშშ-იდან

კრიტიკა ევროპიდან და აშშ-იდან

„84 მომხრე, 4 წინააღმდეგი, კანონი მიღებულია. კოლეგებო, მადლობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. პარლამენტის წევრის ფიცი თავის თავში გულისხმობს უპირველეს ვალდებულებას, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით, მათი მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი. ასე რომ დიდი მადლობა ამისთვის“, – ასე მიმართა შალვა პაპუაშვილმა სადავო კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.

იმას, რის გამოც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის დეპუტატებს მადლობას უხდის, ქვეყნის მეგობრები და პარტნიორები კრიტიკით შეხვდნენ. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღება საქართველოსთვის უკანგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელმა თქვა, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. „დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ის შეასრულებს შესაბამის ნაბიჯებს და გაატარებს აუცილებელი დემოკრატიულ რეფორმებს.

„პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და ეს საქართველოს ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროკავშირი და ევროპული მომავალი. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ მისწრაფებებს”, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აკრიტიკებენ ის ევროპელი ლიდერები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღებასა თუ შემდგომ მოლაპარაკებების დაწყებაში. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს მთავრობას ევროკავშირის პრინციპებისა და მისწრაფებების ერთგულებისკენ მოუწოდებს.

„ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრება სურს, მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას და მოვუწოდებთ მთავრობას, დარჩნენ ევროკავშირის მისწრაფებების ერთგულნი“, – წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.

კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა ევროკომისიამაც, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები და მოწოდება კანონის გაუქმების შესახებ. საქართველოს მოქალაქეები ზუსტად 50 დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ კანონს ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ.

დემონსტრაციები და მსვლელობები იმართებოდა დედაქალაქსა თუ რეგიონებში. ქუჩებში არაერთხელ გამოვიდა ათიათასობით მოქალაქე, რომლებიც სადავო კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს მთავრობის ხელში დიდი ბერკეტი იქნებოდა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისთვის.

რუსული სტილის კანონი უწოდა „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ და მიღებულ კანონს ჰელსინკის კომისიამ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონის იძულებით განხორციელება საბოლოო დარტყმაა ქართულ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მომავალზე. სადავო კანონს ხელახლა ინიციირებიდან დღემდე მკაცრად აკრიტიკებს შეერთებული შტატები, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვასა და იმ პირების მიმართ სანქციებზე, რომლებიც კანონის მიღებას ხელს უწყობდნენ. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებს მოუწევს საქართველოსთან ყოველწლიური ფინანსური თუ სამხედრო დახმარების გადახედვა. მან ასევე განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვები ერთადერთი სანქცია არ იქნება.

„საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა და დაძლია პრეზიდენტის ვეტო, რითაც უცხოური გავლენის ანტიდემოკრატიული კანონპროექტი, რომელიც შეუსაბამობაშია ევროპულ ნორმებთან, კანონად იქცა. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც კვირებია აპროტესტებენ ამ კანონს ქუჩაში. „ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორებისა, რომლებმაც მკაფიოდ გამოხატეს მათი წუხილი იმის შესახებ, რომ ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციას გამოიწვევს და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, სამომავლო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობას. წინა კვირას, მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერ პირს, ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებსა თუ ინსტიტუტებს ძირს გამოუთხრის, ასევე მათ უახლოეს ოჯახის წევრებს, შესაძლოა შეეზღუდოთ წვდომა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა. როგორც ბლინკენმა განაცხადა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ჩვენი ნაბიჯების გადაწყვეტისას. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც იღვწის დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები არ დგამენ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს დასავლური განვითარებისთვის, რაც არის ქართველი ხალხის ნება.

ვიზების შეზღუდვის გადაწყვეტილება არ არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ქმედებებს. საქართველოს ყოველწლიურად 390 მილიონი დოლარით ვეხმარებით, სამხედრო კუთხით, ეკონომიკური წინსვლისთვის, ინსტიტუტების შენებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი ხელახლა უნდა შეფასდეს, თუ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებსა და სხვა დასავლელ პარტნიორებს არა პარტნიორებად, არამედ მოწინააღმდეგეებად განიხილავს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეთიუ მილერმა.

„რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ – ასეთია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა გზავნილი პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend