მთავარისაქართველო„ქართული ქარტია” - ოპოზიციისა და ხელისუფლების შეფასებები

„ქართული ქარტია” – ოპოზიციისა და ხელისუფლების შეფასებები

ოპოზიციის დიდი ნაწილი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართული ქარტიის“ შესახებ, რომელიც გულისხმობს პროევროპული პარტიების თანამშრომლობასა და ვალდებულებებს, რომლებსაც ეს პარტიები აიღებენ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

„ამ ქარტიაში სწორედ იმ ფუნდამენტურ ხედვებზე, რეფორმებსა და პროექტებზეა ხაზი გასმული, რომლებზეც „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია საუბრობს და სთავაზობს საზოგადოებას განსახილველად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ საუბარი არ არის რაღაც მექანიკურ დაჯგუფებაზე, არამედ შემოთავაზებულია იდეების, პრინციპებისა და რეფორმების ირგვლივ გაერთიანება, რათა ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და ასე შევცვალოთ ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით მოცემულ ქარტიას და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

„დღეს რთული ვითარებაა ქვეყანაში, ხელისუფლებას ღიად რუსული გეზი აქვს აღებული და ამიტომ, მარტივი არ იქნება არც არჩევნები და არც პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასთან. ჩვენ ამ დაპირისპირებას მოვიგებთ, რადგან საქართველო სხვანაირად სწორად ვერ განვითარდება. ცხადია, რომ ტექსტს ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად ვეთანხმებით, თუმცა არცერთი არ არის ისეთი პუნქტი, რომელიც ხელს შეგვიშლიდა, ამ ქარტიაზე ხელი მოგვეწერა“, – განაცხადა ნიკა გვარამია.

„განსაკუთრებულად მიხარია, იმიტომ, რომ როგორც მე, ასევე სხვა ოპოზიციონერი კოლეგა მოვუწოდებდით ყველას, წავსულიყავით გაერთიანების გზით და ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა ჩვენს ამ ნაფიქრს საუკეთესოდ მოუყარა თავი. ვფიქრობ, უყოყმანოდ ყველა უნდა შეუერთდეს ამ ქარტიას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მაგალითად, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ქარტიაში“ წარმოდგენილი რეფორმების განხორციელებას ემხრობა, თუმცა დოკუმენტზე ხელს მოაწერს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ამ დოკუმენტში რეფორმების გეგმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმების გეგმა სწორია და ამ რეფორმების განხორციელებას მხარს დავუჭერთ. რაც შეეხება ქარტიის მხარდაჭერას, ქარტიაზე ხელმოწერასა და შეერთებას, იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო. პირველ რიგში, გვექნება კომუნიკაცია და ამის შემდეგ გეტყვით, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია უშუალოდ ქარტიის მხარდაჭერისა და შეერთების ნაწილში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტია“ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, წარადგინა. პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, რისთვისაც საჭიროა სხვანაირი არჩევნები, პარლამენტი და მთავრობა.

ქარტიის თანახმად, ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ ვალდებულებას, რომ გაატარებენ რეფორმებს სასამართლოს, პროკურატურის, სუს-ის, შსს-ს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საარჩევნო სისტემისა და სხვა მიმართულებებით.

ხოლო ამ რეფორმების შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

მმართველ გუნდში საქართველოს პრეზიდენტის ეს ინიციატივა ომის ქარტიად შეაფასეს.

„სალომე ზურაბიშვილის ეს ინიციატივა და ეს ქარტია არის ომის ქარტია, რადგან პროცესების კიდევ უფრო მაღალ ესკალაციასა და საზოგადოების გაუგებრობაში შეყვანას ემსახურება და ეს გაუგებრობაში შეყვანა ქვეყანას ომსა და დაძაბულობაში მიათრევს. მის დაანონსებულ ომის ქარტიაში ვერავინ ამოიკითხავს ვერანაირ საერთაშორისო პრაქტიკას ან გამოცდილებას, რომელიც შეიძლება, კარგი განწყობის საფუძველს ქმნიდეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ეს არის ის ლოკალური ომის პარტიის სინქრონიზაცია, რომელსაც გუშინდელი დღიდან ვაკვირდებით. სინამდვილეში ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია. იყო სხვადასხვა სცენარი, სავარაუდოდ, როგორ მომხდარიყო ამ ლოკალური ომის პარტიის კონფიგურაცია, მაგრამ დღეს ვხედავთ რომ, ალბათ, მოჰბეზრდათ სხვადასხვა სახელის დარქმევა სხვადასხვა ჯგუფისთვის და ერთი რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძის“ ერთ დიდ ქვაბში ჩაყარეს ყველა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ თქვა, რომ მომავალი არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ის თუ ვის ირჩევს, არამედ ის, თუ რას ირჩევს – უნდა ევროპული მომავალი თუ არა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend