მთავარისაქართველოევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საბჭოს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა უხელმძღვანელა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის გამო შექმნილი ვითარებაც განიხილეს. მათ ისაუბრეს კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის შესაძლო ზომების შესახებ.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ ის, თუ რას გააკეთებენ მომავალში. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი, ამბობს საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამავდროულად, ის გამოდის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგაც. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრებისთვის საკმარისია არა მხოლოდ მოქალაქეების სურვილი, არამედ ხელისუფლების ნებაც.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას: „ჩვენ მტკიცე გზავნილი გვქონდა, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიმყოფებოდით საქართველოში, რათა გვესაუბრა მთავრობასა და ხელისუფლებასთან, მხარი დაგვეჭირა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისთვის, რაც ახლა ნიშნავს, რომ მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რას აკეთებს უცხოური დაფინანსების შესახებ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვეთ მისი გაუქმება, პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონს. ასე რომ, სუვერენული ქვეყნის, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოს, თუმცა საქართველოს პროევროპული გზა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზული, არ ვიტყვი საფრთხის, მაგრამ გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი“.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ისე უნდა გააგრძელოს სვლა, როგორც ეს ევროკავშირსა და ქართველ ხალხთან შეათანხმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend