მეორე დღეა, საქართველოში განიხილავენ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც 21 მაისს გამოქვეყნდა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხება. ამ დასკვნის ავტორები ხელისუფლებას მტკიცედ ურჩევენ, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით, რადგან მათივე შეფასებით, კანონის ფუნდამენტური ხარვეზები მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოიწვევს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მაგალითად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებისა და ასევე დისკრიმინაციის პრევენციის თვალსაზრისით.
25-გვერდიან დოკუმენტში მოყვანილი არგუმენტებისა და დასაბუთების შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის შეფასებისას სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად პოლიტიკური მოსაზრებები მოიყვანა.
„სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული. თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება, ან შინაარსობრივი რაიმე არგუმენტის მოყვანა. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა. თურმე ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა“, – ამბობს კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სადავო კანონს, რუსულ კანონს უწოდებენ, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება და ვენეციის კომისიის დასკვნის იგნორირება საქართველოს უკარგავს ევროინტეგრაციის შესაძლებლობას და აზიანებს ქვეყნის ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„მანამ, სანამ დასკვნა გახდებოდა საჯარო, პირველი, ვისაც ეს დასკვნა გაეგზავნა, იყო “ქართული ოცნება”. ვენეციის კომისიამ ეს დასკვნა მიაწოდა ხელისუფლებას და სთხოვა გაეკეთებინა კომენტარები. მთელი პროპაგანდა, რომელსაც ხელისუფლება ამ დასკვნასთან დაკავშირებით ავრცელებს, არის სიყალბე და გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოში მოქალაქეები მოატყუონ და შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ამ დასკვნაში არის პრობლემები. თუ ხელისუფლებას რაიმე არგუმენტი ჰქონდა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, რატომ არ და ვერ მიაწოდეს ეს არგუმენტები ვენეციის კომისიას დასკვნის გამოქვეყნებამდე, რატომ ვერ დაიცვეს საკუთარი პოზიცია, რატომ არის ეს დასკვნა ასეთი უმკაცრესი? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონის პირობებში არანაირი მოლაპარაკებები საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდან არ დაიწყება“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „ლელოდან“.
კონსტიტუციონალისტი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ე.წ. აგენტების კანონის შესახებ სრულად არგუმენტირებული და ყველა სამართლებრივი გზით დასაბუთებულია.
„იმდენად ცხადია ამ კანონის შეუსაბამობა არამხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებთან, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილში, იმდენად აშკარაა საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლთან შეუსაბამობა, რომ ვენეციის კომისიამ საკუთარ თავს უფლება მისცა იმპერატიული სახე მიეცა თავისი დასკვნისთვის, რომ კანონი უნდა გაუქმდეს“, – ამბობს კონსტიტუციონალისტი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საქართველოს პარლამენტმა მეორე მცდელობით მიიღო. პირველად „ქართულმა ოცნებამ” ის 2023 წლის გაზაფხულზე დააინიციირა, რასაც მასობრივი პროტესტი და საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. მაშინ მმართველმა პარტიამ კანონი იმ პირობით გაიწვია, რომ ისინი ამ პროცესს აღარასოდეს დაუბრუნდებოდნენ. თუმცა კანონის ინიციირება 2024 წელს კვლავ მოხდა და ამჯერად ხელისუფლებამ ეს კანონი კვლავ მრავალათასიანი დემონსტრაციების ფონზე მიიღო. ქვეყანაში მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება. გრძელდება საერთაშორისო კრიტიკაც სადავო კანონის მიღების გამო.
ნანუკა მეშველაშვილი