მთავარისაქართველორას სთავაზობს “MEGOBARI” საქართველოს - პოლიტიკოსების გამოხმაურება

რას სთავაზობს “MEGOBARI” საქართველოს – პოლიტიკოსების გამოხმაურება

„Megobari აქტი“ – ასე ჰქვია სავარაუდო დოკუმენტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დასარეგისტრირებლად ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, ინიციატივით მზადდება. ამის შესახებ 21 მაისს ინფორმაცია ჟურნალმა POLITICO-მ გაავრცელა და უკვე მეორე დღეა, ქართულ პოლიტიკურ ველზე განიხილავენ.

სავარაუდო დოკუმენტში წერია, რომ აშშ საქართველოს სადავო კანონის არ ამოქმედებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ამერიკასთან უვიზოდ მიმოსვლის, ძლიერი სამხედრო მხარდაჭერისა და გამარტივებული ვაჭრობის პაკეტს შესთავაზებს. ხოლო თუ „ქართული ოცნება“ მაინც აამოქმედებს და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართავს ე.წ. „გამჭვირვალობის კანონს“, მაშინ ამერიკა კანონის მიმღებ პირებზე მკაცრ სანქციებს აამოქმედებს, მაგალითად, ამერიკაში გადაადგილების შეზღუდვასა და ფინანსურ შეზღუდვებს, ასევე გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობასაც.

ერთდროულად შანტაჟი და პარტნიორული შეთავაზება – ასე ამოიკითხეს ვაშინგტონიდან წამოსული ეს გზავნილები მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის მიუღებელია მუქარა, ხოლო სასიკეთო შეთავაზებას მიესალმებიან.

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად ვართ, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, ამას მივესალმებით. როგორ შეიძლება ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი?! ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით, თუკი აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მექსიკიდან არ მოუწევთ შესვლა და იქ მექსიკაში რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება. ასევე ისე ექნებათ ჩვენს ქვეყანასთანაც ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანასთან. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თუ თავისუფალი ვაჭრობა იქნება ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ასევე მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას მივესალმებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა და საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება. თუ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუ დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდება“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიესალმებიან „Megobari აქტის“ სულისკვეთებას და „ქართულ ოცნებას“ პარტნიორების გაწბილებაში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას ახლა აქვს რეალური შანსი სწორი გზა აირჩიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება.

„უპრეცედენტო შეთავაზება აქვს საქართველოს ამერიკელი პარტნიორებისგან: უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც მილიარდობით ინვესტიციას ნიშნავს საქართველოში, უსაფრთხოების გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნა. სწორედ ეს არის შედეგი იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლისა და ქუჩაში პროტესტის, იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომლებსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ეს რომ მოვიდეს მოქმედებაში, აუცილებელია, ღიად ვთქვათ, რომ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასავლეთეების, ანტიქართველების ადგილი. ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი გულისხმობს ამერიკული კომპანიების საქართველოში გახსნას, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად, დიდი ნახტომისებრი განვითარება იქნება საქართველოსთვის. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ და გზა ძლიერი, ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას გვინდა. საჭიროა, საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური კოალიციური მეთოდით ხელისუფლებაში მოსვლა”, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე.

უცნობია, როდის გამოქვეყნდება „Megobari აქტი“ და უფრო დეტალურად რა საკითხები შევა ამ დოკუმენტში. ქართველი პოლიტიკოსები ამერიკული მხარისგან ახლა ამ სიახლეს ელიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend