მთავარიევროპასერბეთისერბეთში განიხილავენ კანონპროექტს "უცხოელი აგენტების" შესახებ

სერბეთში განიხილავენ კანონპროექტს “უცხოელი აგენტების” შესახებ

სერბეთის პარლამენტში შესაძლოა განიხილონ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. მისმა ქართულმა ანალოგმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. სერბეთის პარლამენტშიც ამ კანონზე ქვეყნის მმართველი კოალიცია საუბრობს.

როგორც ბოიან ტორბიცა, “სოციალისტური მოძრაობის” დეპუტატი ამბობს: „საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი აღარ შეიძლება მომგებიანი საქმიანობა იყოს”.

ალექსანდრე ვუჩიჩის სერბეთის “პროგრესული პარტიის” კოალიციური პარტნიორები, “სოციალისტური მოძრაობის” დეპუტატები თვლიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, აღრიცხულები უნდა იყვნენ როგორც “უცხოელი აგენტები”, მათ უნდა წარადგინონ რეგულარული ანგარიშები დაფინანსების შესახებ და არ უნდა მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება.

თუმცა დეპუტატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს კანონი არ იქნება მიმართული არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნიან ეროვნულ ინტერესებს.

„მე გულწრფელად მჯერა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები სერბეთისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოგვიწოდებენ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, რომლებიც ტყუილებს ავრცელებენ სრებრენიცაში გენოციდსა და სერბსკას რესპუბლიკის განადგურებაზე”, – ამბობს ჯორჯე კომლენსკი, “სოციალისტური მოძრაობის” საპარლამენტო ლიდერი.

ევრონიუსთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდული ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობენ, რომ ეს ინიციატივა სერიოზულად არის აღსაქმელი, რადგან მისი მთავარი მხარდამჭერი “სოციალისტური მოძრაობის” ლიდერი ალექსანდარ ვულინია, რომელიც ასევე არის პრემიერ-მინისტრის მოადგილე.

ისინი კანონის პოტენციურ ინიციირებას გამოხატვის თავისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევენ.

„მე ამ განცხადებებს აღვიქვამ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაშინების საშუალებას. ეს კანონპროექტი დაუპირისპირდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილს, რომლებიც საზოგადოებაში პროგრესის დანერგვას ცდილობენ. ამ განცხადებებით ჩვენ რეალურად ვხედავთ დემოკრატიული პრინციპებთან ერთგვარ დაპირისპირებას”, – ამბობს არკო მილოსავლევიჩი, „ახალგაზრდული ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი.

ის, რაც სერბეთში ჯერ კიდევ არაფორმალურია, უკვე გახდა საპარლამენტო პროცედურებისა და პოლიტიკური პრაქტიკის ნაწილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებულ სერბულ ავტონომიურ რესპუბლიკაში.

სერბსკას რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ პოლიტიკურ საქმიანობას კრძალავს. მსგავსი კანონი უნგრეთში უკვე მიიღეს, მაგრამ მას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან, რადგან ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ის დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend