“MEGOBARI”

ანტიდემოკრატიულ კურსზე უარის თქმის შემთხვევაში აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ შემუშავებულ კანონპროექტშია ნათქვამი. POLITICO წერს, რომ ეს სტიმული იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნისადმი, რომ გარანტირებულად ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები მას შემდეგ, რაც მთავრობა „კრემლის სტილში“ მიღებულ „აგენტების კანონს“ გაიწვევს.

კანონპროექტის სახელია “MEGOBARI” და მასში წერია, რომ დღეს თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და სხვა პარტნიორებს. POLITICO წერს, რომ ვაშინგტონის სურვილია, საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. მათი შეფასებით, კანონი მათთვის ვაჭრობის საგანი არ არის და ქვეყნის სუვერენიტეტით ვერ ივაჭრებენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კანონის მიღების პერსპექტივა ბუნდოვანია და რომ ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. მათივე თქმით, დღეს კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს.

„„ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასაც და ამერიკელი ჩინოსნების კრიტიკასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული “ენჯეოები” ასრულებენ… მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა.

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ… „ენჯეოებმა“ 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმას დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა…

საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში: აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა…

ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იმავე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც“, – წერია „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამერიკის გზავნილების შემდეგ ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი, რომ ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე ჩამოშორდეს ხელისუფლებას არჩევნების გზით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეთავაზება და ადასტურებს იმას, რომ ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება გამალებით ცდილობს, დააშოროს საქართველო თავის მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან არის ერთი ხელის გაწვდენაზე, ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. შემთხვევითი არ არის, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე იმ პარლამენტარების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის ეს არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში ამ სანქციებს ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი ექნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი „ქართულ ოცნებაში“ დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„უპრეცედენტო შეთავაზება აქვს საქართველოს ამერიკელი პარტნიორებისგან: უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც მილიარდობით ინვესტიციას ნიშნავს საქართველოში, უსაფრთხოების გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნა. სწორედ ეს არის შედეგი იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლისა და ქუჩაში პროტესტის. იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ეს რომ მოვიდეს მოქმედებაში, აუცილებელია, ღიად ვთქვათ, რომ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკვე ერთ თვეზე მეტია, „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ დაინიციირებულ კანონთან დაკავშირებით გამოხმაურებები არ წყდება. ქვეყანაში მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქციებიც. კანონს ვეტო უკვე დაადო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend