„კანონი ამოქმედდეს მხოლოდ ერთი დღით და გაუქმდეს“ – ამ ფორმალური წინადადებით სრულდება ასეთივე ფორმალური ვეტოს დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ სადავო კანონს მიღებიდან ოთხ დღეში დაადო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მმართველ პარტიას კიდევ ერთი შანსი დაუტოვა თავად გამოვიდეს იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც თვითონვე შევიდა.
„პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს, მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნდებოდნენ და თავიდან ბოლომდე გაერკვიათ აღნიშნული კანონი და ისე განეხილათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით. „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული არ გაითვალისწინა, შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. როგორც იყო ეს კანონი მიღებული, პროცედურა მოგეწონათ? ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? დალოდებოდა „ოცნება“. ეს კანონი არის რუსული და მთლიანადაა მიუღებელი. კანონი ჩაკეტა „ოცნებამ“, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს. ამიტომ, დაველოდოთ „ოცნებას“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პრეზიდენტის მორიგ ვეტოს დაუყოვნებლივ მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. მმართველი პარტიის ფლანგიდან ყველა პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილს მოლაპარაკების გზის ჩაკეტვაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტი რადიკალურ დავალებებს უცხოეთიდან იღებს. მმართველ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ ამ კანონის წინააღმდეგ მოტივირებულ შენიშვნებს ვერავინ წარადგენს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თავისი დაუსაბუთებელი ვეტოთი დაადასტურა.
„ეს არ არის შინაარსობრივი, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ეს არის ვეტოსთან ახლოს მდგომი დოკუმენტი, რომელიც არის წმინდად ფორმალისტური თვალსაზრისით, ვეტოს მსგავსი შინაარსის შემცვლელი. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი პრეზიდენტად წოდებული პირი ევროპელობაზე დებს თავს, ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე და თუ მას მართლა მიაჩნდა, რომ ეს კანონი პრობლემატურია, რატომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები, რატომ არ ახსნა? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ევროპული, ვინაიდან ევროპის ღირებულებები ეფუძნება განსხვავებული აზრის პატივისცემას, მოსმენის კულტურას, დისკუსიას. თან ევროპელობაზე დებდე თავს და ამ ყველაფრისგან დაცლილი იყო, გასაგებია, რომ ფორმალურადაა ჯერ კიდევ პრეზიდენტი, მაგრამ თუკი იყენებ ამ უფლებას, აქ მაინც ასახე დოკუმენტში, რომ სივრცე იყოს მსჯელობისთვის.
ხომ ძალიან ძლიერად არიან აღჭურვილნი არგუმენტებში, მაშინ როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ვერ დაწერო ტექსტში? როგორ შეიძლება ამხელდე ვინმეს, რომ არგუმენტები ჩვენ არ გვაქვს და მათ აქვთ და ამას ვერ წერდე? ამას ვერ წერენ იმიტომ, რომ არ აქვთ არგუმენტები. ჩვენ პროცედურული თვალსაზრისით ამ ფორმალურ ვეტოსაც, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და შესაბამისი პროცედურების დაცვით დავძლევთ”,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იწონებენ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ პრეზიდენტს სხვა გზა არ ჰქონდა. მათი აზრით, ეს კანონი არანაირ დისკუსიას და რაციონალურ მსჯელობას აღარ ექვემდებარება და არც მისი გაკეთილშობილებაა შესაძლებელი. ერთადერთი გამოსავალი კი ვეტოს არ დაძლევა და ამ სადავო კანონის უბრალოდ გაუქმებაა.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ „რუსული კანონი” გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება. მისი გაწვევა უნდა მოხდეს, რადგან არ გაიწვია ივანიშვილის პარტიამ და მიიღო 3 მოსმენით, პრეზიდენტს გააჩნდა ერთი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ბლანკეტურად, ანუ სრულად დაედო ამ კანონისთვის ვეტო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო. ამიტომ ეს იძლევა კიდევ ერთ შანსს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ არ დაძლიოს ვეტო და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ ასე თუ ისე ნორმალიზდეს პოლიტიკური პროცესები. ბუნებრივია, რომ ნორმალიზებაზე საუბარი, მას შემდეგ, რაც ამდენი ადამიანი ნაცემი და დაკავებულია, ძალიან რთულია, მაგრამ თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო”,- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი კენჭისყრაზე სავარაუდოდ მომავალი სასესიო კვირის სხდომებზე დადგება. მმართველ პარტიას ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. კანონი, რომელმაც ქვეყანაში დიდი მღელვარება და საერთაშორისო პარტნიორების აღშფოთება გამოიწვია, ახლა საბოლოო განაჩენს ელის.
ალეკო გვეტაძე